ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რომელი დეპუტატის ოჯახის საკუთრებაში იპოვეს 30 წლის მამაკაცი გარდაცვლილი – ტრეფიკინგი კახეთში

კახეთში, ტრეფიკინგის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალებს გამოცემა “პრაიმტაიმი” ექსკლუზიურად ასაჯაროვებს.

გამოცემის ცნობით, დაკავებული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში მცხოვრები 20 წლის მამაკაცია. მას საქონლის ფერმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში ჰქონდა მოწყობილი.

ამასთან, როგორც “პრაიმტაიმი” იუწყება, ტერიტორია, სადაც ბრალდებულს ფერმა ჰქონდა მოწყობილი და სადაც უშუალოდ სჩადიოდა დანაშაულს, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, მარიკა ვერულაშვილის ოჯახს ეკუთვნის. ბრალდებულს ეს ტერიტორია ყოფილი დეპუტატის ძმისგან ქირით ჰქონდა აღებული, თუმცა, როგორც ჩანს, ქონების მესაკუთრეს დანაშაულის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია.

გამოძიების ვერსიით, ამაჟამად უკვე გარდაცვლილ 30 წლის ფეტისოვს, ფერმის მფლობელი, საქონლის სადგომში, სათანადო პირობებისა და გასამრჯელოს გარეშე მუშაობას აიძულებდა.

საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა ფეტისოვი ფერმაში 2019 წელს მიიყვანა, ჩამოართვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და სისტემატურად ძალადობდა მასზე.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს, ფეტისოვმა ნეკნების მძიმე მოტეხილობა მიიღო, თუმცა ფერმის მფლობელს მისთვის სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩენია.

7 მარტს, ნეკნებდაზიანებული ფეტისოვი, ფერმის მეპატრონის მხრიდან, კვლავ ძალადობის მსხვერპლი გახდა და 10 მარტს გარდაიცვალა.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, უზუნთალაში მცხოვრებ პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც  სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, ადამიანით ვაჭრობას( ტრეფიკინგს) გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 20 წლის მამაკაცს, 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

იტვირთბა....