ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რატომ შეაჩერა ევროპის რამდენიმე ქვეყანამ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება

„ევროკავშირის მასშტაბით დღეს გაკეთებულია Astrazeneca-ს 5 მილიონი დოზა და დაახლოებით 30 შემთხვევაა, როდესაც ვაქცინაციის შემდგომ პერიოდში ადამიანებს განუვითარდათ ემბოლიური და სისხლის შედედების პრობლემასთან დაკავშირებული დაავადებები“, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

როგორც კულუმბეგოვი განმარტავას, ახლა დროის მოკლე მონაკვეთში მილიონობით ადამიანი იცრება. ამიტომ სიტუაციის ნებისმიერი გზით განვითარება მყისიერ რეაგირებას და დაკვირვებას მოითხოვს, რათა სამედიცინო თვალსაზრისით გამოძიებულ იქნას, დაკავშირებულია თუ არა გართულებები ვაქცინასთან.

„გაერთიანებულ სამეფოში AstraZeneca-ს ვაქცინის 11 მილიონი დოზა უკვე გაკეთებულია. ჯერჯერობით იქ არც ერთი სერიოზული გვერდითი მოვლენა AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ევროპის რამდენიმე ქვეყანამ მაინც მიიღო ინდივიდუალური გადაწყვეტილება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის წამლების სააგენტო, რომელიც ევროკავშირისა და მისი 27-ვე ქვეყნის მთავარი მარეგულირებელი ორგანოა, აცხადებს, რომ რამე მიზეზშედეგობრივი კავშირი ამ ვაქცინასა და ემბოლიურ დაავადებებს შორის არ იძებნება“ — ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

შეგახსენებთ, დანიამ, ნორვეგიამ და ტაილანდმა დროებით შეაჩერეს AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად შექმნილი ვაქცინის გამოყენება, რადგან დაახლოებით 30 ადამიანს ვაქცინაციის შემდეგ სისხლის შედედების პრობლემები გამოუვლინდა. იტალიამ და რამდენიმე ქვეყანამ კი „ასტრაზენეკას“ ვაქცინების ერთი კონკრეტული პარტიის გამოყენება შეაჩერა.

AstraZeneca-ს ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, ისე გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა. სწორედ ამ ვაქცინაზე ამყარებენ დიდ იმედებს დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნები, რადგან, Pfizer-სა და Moderna-ს ვაქცინებისგან განსხვავებით, შედარებით იაფია და მისი შენახვაც გაცილებით მარტივია. სწორედ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 17,5 მილიონი დოზა მიიღო ორ კვირაში 32-მა ქვეყანამ პლატფორმა COVAX-ის მეშვეობით.

 

 

იტვირთბა....