aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურატურამ ყვარელში ტრეფიკინგის ფაქტზე, რასაც ერთი პირის გარდაცვალება მოყვა, დაკავებულს ბრალი წარუდგინა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში ფერმის მეპატრონე დააკავეს. უწყების ცნობით, მას ბრალად სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ადამიანით ვაჭრობა ედება, რამაც დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ბრალდებულმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე სამუშაოდ მასთან, ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში დროებით სარგებლობაში მქონე ფერმაში მიიწვია.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა მოქალაქის პასპორტი ჩამოართვა, მკაცრად უკონტროლებდა თავისუფალ გადაადგილებას, საცხოვრებლად განათავსა საქონლისთვის განკუთვნილ სადგომში, მონობის მსგავს მდგომარეობაში ჩააყენა და მასზე ფიზიკურად ძალადობდა.

ამასთან, უწყების ცნობითვე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ერთ-ერთი ძალადობის შემდეგ გარდაიცვალა.

„საქართველოს პროკურატურამ სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე, რამაც დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჯ.ნ.-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ჯ.ნ. – მ, 2019 წელს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ა.ფ. სამუშაოდ მასთან ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში დროებით სარგებლობაში მქონე ფერმაში მიიწვია და საცხოვრებლად სათანადო პირობებს დაჰპირდა.

მიუხედავად დაპირებისა, ჯ.ნ.-მ მასთან სამუშაოდ მისულ ა.ფ.-ს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი ჩამოართვა, მკაცრად უკონტროლებდა თავისუფალ გადაადგილებას, საცხოვრებლად განათავსა საქონლისთვის განკუთვნილ სადგომში და მონობის მსგავს მდგომარეობაში ჩააყენა. ასევე ფიზიკურად ძალადობდა მასზე.

2021 წლის 10 თებერვალს ჯ.ნ.-მ კვლავ ფიზიკურად იძალადა ა.ფ.-ზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა მიიღო. ნაცვლად იმისა, რომ ჯ.ნ.-ს უზრუნველეყო დაზარალებულისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა, აგრძელებდა მასზე ფიზიკურ ძალადობას და აიძულებდა მუშაობას, რის გამოც 7 მარტს კვლავ ფიზიკურად გაუსწორდა მას. მიღებული დაზიანებების შედეგად ა.ფ. 10 მარტს გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჯ.ნ. 11 მარტს დააკავეს. მას ბრალდება 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, რამაც დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ჯ.ნ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....