ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მარტივი მანიპულაციაა, იძულება გადათარგმნეს ძალადობად” – ირაკლი კობახიძე “ტვ პირველის” შესახებ

“ქართული ოცნების თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე “ღამის კურიერში” “ტვ პირველის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

კობახიძემ აღნიშნული გადაცემის საშუალებით სასამართლოს განჩინებში არსებულ პუნქტს, კერძოდ – “საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს, უფლება აქვს წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა”, განმარტა.

“გუშინ ჩვენ ვიხილეთ მართლა ღიმილისმომგვრელი კამპანია “ტვ პირველის“ მხრიდან. მკაფიოდ გაკეთდა განცხადება თავიდანვე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, რომ არავითარ შემთხვევაში, ამ იძულების პროპორციულ ზომაში, აქ სიტყვა პროპორციული არის მნიშვნელოვანი, საუბარია იმაზე, რომ სამართლებრივი პრინციპების დაცვით მოქმედებს ყველა შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანო, როდესაც რეაგირებს გარკვეულ ფაქტზე… კამპანია აწიეს ტელევიზიაში შეჭრაზე, ჟურნალისტების მიმართ ძალადობაზე და ა.შ.

იძულება არ არის ძალადობა. მარტივი მანიპულაციაა, იძულება გადათარგმნეს ძალადობად. იძულებაში იგულისხმება, რომ როდესაც გჭირდება რაიმეს ამოღება, კონკრეტული ზომა და ეს ზომა ვერ დაკონკრეტდება წინასწარ, სწორედ იმიტომ გამოიყენება შაბლონური ფრაზა, რომ შეიძლება უამრავი ვარიაცია ჰქონდეს კონკრეტულ შემთხვევაში, სამართალდამცავ ორგანოს იმისათვის, რომ საკუთარ მიზანს მიაღწიოს. ეს არის უზოგადესი ფრაზა, რომელიც გვხვდება ყველა ასეთ დოკუმენტში,” – ამბობს ირაკლი კობახიძე.

აღსანიშნავია, რომ წამყვანის კითხვაზე – შესაძლებელია თუ არა „ტვ პირველის“ შენობაში პროკურატურის თანამშრომლების და პოლიციის თანამშრომლების ძალისმიერი შესვლა, რომ ამოიღონ ელექტრონული მატარებელი მოწყობილობა, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეს, არ მოხდება.

“პირდაპირ, კონკრეტულმა ორგანომ, რომელსაც თეორიულად რაღაც იძულების პროპორციული ზომის გამოყენება შეიძლება ჰქონდეს, მან გააკეთა ორჯერ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ იძულების პროპორციული ზომა, არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს რაიმე ტიპის, მით უმეტეს ძალადობას მედიის წარმომადგენლების მიმართ და მით უმეტეს, არ გულისხმობს ეს იძულებით შესვლას შესაბამისი ტელევიზიის ტერიტორიაზე,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, 11 მარტს საქართველოს გენერალური პროკურატურამა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიების დაწყების შესახებ გახდა ცნობილი.

პროკურატურის გადაწყვეტილებას  “ტვ პირველი” გამოეხმაურა, ტელეკომპანიის განმარტებით, ხელისუფლება ტელევიზიაში შეჭრას აპირებს.

იტვირთბა....