საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალშია. საქართველოს პირველმა ჩოგანმა 33 წლის ამერიკელი ტეილორ ფრიცი ორ სეტში, 7(7):6(3), 6:1 დაამარცხა.
პირველი ბრეიკი მეორე გეიმში ფრიტცმა შეასრულა, მაგრამ ბასილაშვილმა შორს არ გაუშვა მეტოქე და მომდევნო გეიმში უკუბრეიკით უპასუხა ამერიკელს. ამის შემდეგ, ჩოგბურთელები დამაჯერებლად იგებდნენ საკუთარ გეიმებს – ერთხელ დაფიქსირდა „თანაბარი“ ფრიტცის გეიმში.
ამიტომაც, საჭირო გახდა ტაი-ბრეიკის ჩატარება, სადაც ბასილაშვილს სრული უპირატესობა ჰქონდა – საკუთარ მოწოდებაზე ქულა არ დათმო, ორი მინი-ბრეიკი შეასრულა და მე-13 გეიმი 7:3 მოუგო.
პირველ სეტში ბასილაშვილმა ოთხი ბრეიკ-პოინტიდან ერთი გამოიყენა, ფრიტცმა – ერთიდან ერთი. ქართველმა პირველ მოწოდებაზე ქულების 78 პროცენტი (14/18) მოიგო, მეორეთი – 47 პროცენტი.
მეორე პარტიაში ბასილაშვილმა კიდევ უფრო გააუმჯობესა საკუთარ მოწოდებაზე თამაში და ფრიტცმა მეტოქის გეიმებში მხოლოდ სამი ქულა აიღო. ქართველს მიღებაზეც ყველაფერი წესრიგში ჰქონდა – ორი ბრეიკი შეასრულა მეორე და მეექვსე გეიმებში და ფინალში გავიდა.
გადამწყვეტ მატჩში ბასილაშვილის მეტოქე ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი იქნება. ქართველისთვის ეს არის მეექვსე ფინალი ATP-ის ტურნირებზე. პირველი ორი მან წააგო, რის შემდეგაც, ნიკას ფინალებში ზედიზედ სამი მოგება აქვს – მან ტიტულები აიღო ჰამბურგში (ორჯერ) და პეკინში.
ნიკას მეტოქემ ნახევარფინალში 6:3, 6:3 მოუგო რუს ანდრეი რუბლიოვს.
ბაუტისტა აგუტთან ურთიერთშეხვედრებში ქართველი 1:3-ს აგებს. ნიკამ ესპანელი 2019 წელს, დუბაიში ჰარდზე დაამარცხა (6:7, 6:4, 6:3). ბაუტისტა აგუტმა კი ბასილაშვილს მოუგო ორჯერ გრუნტზე (ჰამბურგი და მონტე კარლო) და ერთხელ ბალახზე (უიმბლდონი).
შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, როჯერ ფედერერი დაამარცხა.