გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე გიგი კალანდაძე უკრაინიდან გამოეხმაურა მის გუშინდელ ბრალდებებს. მან “კურიერთან” ეს ფაქტი მასზე განხორცილებულ პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასა. გენერალი ამბობს, რომ აპირებს ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რათა დაამტკიცოს საკუთარი სიმართლე.
„ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური ბრალდება. ეს არის უსუსური ხელისუფლების მიერ კიდევ ერთი წარმოჩინება იმისა, რომ მათ ჩვენი ეშინიათ და კონკრეტულად იმ სამხედრო მოსამსახურეების, რომელიც აქ იბრძვიან საქართველოსთვის. საიდან გამოაცხადეს, ან ვინ ჰყავთ დამგეგმარებელი რომ ასეთი სისულელეები ააწყონ ჩემზე და ბრალი წამიყენონ გაკვირვებული ვარ. უბრალოდ ის არის სამარცხვინო, რომ აგრძელებენ წმინდა წყლის პოლიტიკურ ზეწოლას ჩემზე,“ – განაცხადა გიგი კალანდაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურის მიერ, წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალაია, გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი კალანდაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა.