ახალი ამბები მთავარი სამართალი

“დაშინება ან დევნა არის უკანონო” – რა განცხადებას ავრცელებს აშშ-ს საელჩო “ტვ პირველის” შესახებ

ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადებით, ისინი ყურადღებით აკვირდებიან “ტვ პირველის” გარშემო მიმდინარე ამბებს.

განცხადებაში ასევე, აღნიშნულია, რომ კანონის უზენაესობა უნდა დარჩეს პრიორიტეტად და დაცული უნდა იყოს მედიის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპები. ამერიკის საელჩო მოუწოდებს ჩართულ მხარეებს პროფესიონალიზმისა და თავშეკავებისკენ.

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ტელეკომპანია პირველის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, სამართალდამცავებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობას. ამ გამოძიების ჩატარებისას პრიორიტეტად უნდა დარჩეს კანონის უზენაესობის დაბალანსებული, მიუკერძოებელი გამოყენება და მედიის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპი – ჟურნალისტების უფლება, დაიცვან თავიანთი წყაროები. საიდუმლო ჩანაწერები, ისევე როგორც დაშინება ან დევნა არის უკანონო და დასაგმობი და გამოძიებული უნდა იქნას კანონის შესაბამისად. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს პროფესიონალურად და თავშეკავებით მიუდგნენ ამ სიტუაციას. სასამართლო სისტემა უნდა მუშაობდეს სამართლიანად და მიუკერძოებლად და არ უნდა იქნას ბოროტად გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად შერჩევითი სამართლებრივი დევნის გზით.” – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისათვის, სასამართლომ პროკურატურას “ტვ პირველიდან” მასალების ამოღების უფლება მისცა. შესაბამისი განჩინება ტელეკომპანიას უკვე მიუვიდა და გამოაქვეყნა. თუმცა პროკურატურამ არა სკანდალური აუდიო ჩანაწერები მოითხოვა, არამედ, რაღაც კონვერტი და ელექტრონული მატარებელი, რომელიც თითქოს ჟურნალისტებს მიაწოდეს.

იტვირთბა....