თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინა 13 მარტს შემოვა.
ცერცვაძის განმარტებით, ეს არის ბრიტანულ-შვედური ვაქცინა, რომელიც კორეაშია წარმოებული. მისივე თქმით, “ეს ვნებათაღელვა და ხმაური, რაც ქვეყანაში იყო, დამთავრდება.”
„ვაქცინის პირველი პარტია შემოვა შაბათს, 13 მარტს. მოსალოდნელზე ერთი კვირით ადრე. ეს იქნება „ასტრაზენეკას“ ვაქცინა. ეს არის ბრიტანულ-შვედური ვაქცინა, რომელიც წარმოებულია კორეაში და ეს ერთ-ერთი საუკეთესო მწარმოებელია მსოფლიოში. ეს ვნებათაღელვა და ხმაური, რაც ქვეყანაში იყო, დამთავრდება. თუ რეალურად შევხედავთ სიტუაციას, 2-3 კვირით დაგვიანება გვქონდა, რაც არ უნდა გამხდარიყო ასეთი ვნებათაღელვის საფუძველი. მით უმეტეს, რომ ეს დაგვიანება არ იყო განპირობებული ქვეყნის, ან ჯანდაცვის სამინისტროს გადაცდომებით და იყო განპირობებული ობიექტური მიზეზებით.
როგორც გეუბნებოდით, მიუხედავად ორ-სამკვირიანი დაგვიანებისა, საქართველოს ვაქცინაციის მხრივ, ისევე როგორც სხვა დანარჩენი მაჩვენებლების მხრივ, კარგი პერსპექტივები აქვს კოვიდის მართვაში, რამეთუ პირველ პარტიას ვაქცინისას, ჩემი ინფორმაციით, ეტაპობრივად შემოჰყვება ახალი პარტიები. პრაქტიკულად ჩავარდნა და დროში დაშორება არ იქნება.
შემოდის კიდევ ერთი პარტია „ასტრაზენეკასი“, „ფაიზერი“. პარალელურად მიმდინარეობს ორმხრივი მოლაპარაკები მწარმოებლებთან. ივნისისთვის შემოვა „ნოვავაქსის“ მილიონი დოზა“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, არის იმის ძალიან დიდი ალბათობა და სერიოზული იმედი, რომ წლის ბოლოსთვის ვაქცინაციის სახელმწიფო გეგმით გათვალისწინებული რაოდენობა იქნება აცრილი.
„ეს არის დაახლოებით მილიონ ოთხასი ათასი პირი, რაც შეადგენს მოსახლეობის 60%. ვვარაუდობთ, რომ ეს იქნება საკმარისი, რადგან დაახლოებით 15-20% მოსახლეობისა ამ დროისთვის იქნება კოვიდგადატანილი და შესაბამისად, ექნება იმუნიტეტი.
წლის ბოლოსთვის ვვარაუდობთ, რომ მოსახლეობის 80% გვეყოლება იმუნური ფენა, რაც საერთაშორისო სტანდარტებით მაღალ მაჩვენებლად ითვლება და საკმარისად იმისთვის, რომ ქვეყანაში პანდემია იქნეს შეჩერებული“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.