“არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესის და პრობაციის შესახებ” კანონში ცვლილებების შინაარსის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ისაუბრა. როგორც მინისტრმა განმარტა, ცვლილება იმ მსჯავრდებულებს შეეხებათ, რომლებიც თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში არიან მოთავსებულები და შაბათ-კვირას სახლში გასვლის უფლებით სარგებლობენ.
“როგორც იცით, ჩვენ გვაქვს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება, სადაც მსჯავრდებულებს შაბათ-კვირას სახლში გასვლის საშუალება ეძლევათ. მათთვის ფართოვდება ხანმოკლე პაემანზე მიმსვლელთა წრე და ახლა უკვე გარდა მშობელისა და მეუღლისა, მსჯავრდებულების მონახულების საშუალება უფრო ფართო წრეს ეძლევა”, – ამბობს კახიშვილი.
მინისტრმა კიდევ ერთი ცვლილების შესახებ განაცხადა – აღნიშნული კატეგორიის მსჯავრდებულები დაწესებულებას ბადრაგის გარეშე, საკუთარი ფეხით დატოვებენ, თუმცა მათ ორი დღის ვადაში უკან დაბრუნების ვალდებულება ექნება.
“მოგეხსენებათ, სასჯელაღსრულებების დაწესებულებებიდან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში პატიმრების გადაყვანის ფუნქციას დღეს ასრულებს ბადრაგი, ანუ თუ კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებული გადაყვანილი იყოს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში, მის ეტაპირებას ახდენს საბადრაგო სამსახური. ჩვენ ვცვლით ადამიანის მიმართ მიდგომებს, რომელზეც თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება – მას გაათავისუფლებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, წავა თავისი ფეხით, ყოველგვარი ბადრაგის გარეშე და ორი დღის ვადაში ექნება უკან დაბრუნების ვალდებულება”, – აღნიშნა სასჯელაღსრულების მინისტრმა.