ლურჯი მიკროავტობუსები საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებული გადახდის სისტემის ნაწილი ხდება, შედეგად მგზავრობის ტარიფი 80 თეთრის ნაცვლად, 50 თეთრი იქნება. ცვლილებების მიხედვით, მგზავრს შეეძლება ერთი გადახდით(50 თეთრი) საათნახევრის განმავლობაში უფასოდ იმგზავროს მეტროთი, ავტობუსით და ახლა უკვე ლურჯი მიკროავტობუსით. აღნიშნული ცვლილება ძალაში პირველი აპრილიდან შედის. რის ხარჯზე მცირდება მიკროავტობუსში მგზავრობის ტარიფი?
ვიქტორ წილოსანის თქმით, ფინანსური რესურსი კონკრეტულად არცერთ პროექტს არ აკლდება და სუბსიდირებისთვის საჭირო თანხები ბიუჯეტის გადანაწილების პროცესში მოიძიეს.
წილოსანი ფიქრობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტში მგზავრთნაკადის ზრდის ხარჯზე რეფორმის ეს ნაწილი გამართლებული იქნება.
„ტარიფის შემცირებასთან ერთად ამუშავდება საათნახევრის განმავლობაში უფასოდ გადაადგილება, თუ აქამდე ეს მხოლოდ ავტობუსზე და მეტროზე ვრცელდებოდა, რეფორმის ფარგლებში ამას დაემატება ლურჯი მიკროავტობუსებიც. ასევე ყველა ის შეღავათი, რომელიც არსებობდა და რომლითაც სარგებლობდნენ მომხმარებლები შესაძლებელი იქნება გამოიყენონ მიკროავრტობუსებშიც.
რათქმაუნდა, ეს მოხდება იმის ხარჯზე, რომ ჩვენ მოსახლეობას მგზავრობას დავუსუბსიდირებთ. ზუსტად იმიტომ, რომ რეფომის ფარგლებში მოხდეს მოსახლეობის წახალისება და შესაძლებელი იყოს გადასხდნენ კერძოდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. მერია რათქმაუნდა, ამაში თანხას დახარჯავს. ეს ბიუჯეტის გადანაწილების ნაწილია, კონკრეტულად რომელიმე პროექტს ეს თანხა არ დააკლდება. ეს არის 10-წლიანი გეგმის ნაწილი და იმის ხარჯზე, რომ ყოველწლიურად მგაზვართნაკადის რაოდენობა 15%-ით იზრდება, ჩვენ ვფიქორბთ, რომ ჩვენ მივიღებთ დამატებით შემოსავლებს”, – განაცხადა წილოსანმა.
წყარო: bm.ge