ჯავის რაიონში განთავსებული ისკანდერ-ემი, რომელზეც ბირთვული ქობინის დამაგრებაც შეიძლება
ბოლო ოთხი თვის მანძილზე, ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე რუსული ბაზა ახალი ტექნიკითა და შეიარაღებით აღიჭურვა – ამ ინფორმაციას თავად რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქი ავრცელებს. ბაზა 150 ერთეული ახალი ტექნიკით განახლდა, მათ შორის ახალი ტანკებით, უპილოტო საფრენი აპარატებითა და უახლესი ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსით ისკანდერ-ემით, რომელსაც 500 კილომეტრის რადიუსში რეაქტიული კომპლექსების, არტილერიისა და ვერტმფრენების განადგურება შეუძლია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირველად დაადასტურა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, ოპერატიურ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექს „ისკანდერის“ უახლესი მოდიფიკაცია – „ისკანდერ – მ“ განათავსა.
როგორც ირკვევა, ამ ბალისტიკურ რაკეტას, რომელზეც ბირთვული ქობინის დამაგრებაც შეიძლება, ზებგერითი სიჩქარით, ნებისმიერი სამიზნის განადგურება, 500 კილომეტრის მანძილზე შეუძლია. ანუ, რუს ოკუპანტებს, ცხინვალის რეგიონიდან, საჭიროების შემთხვევაში, თურქეთის დაბომბვაც შეუძლია.
რუსი სამხედრო ექსპერტები არ მალავენ, რომ ისკანდერ-ემი ჯავის რაიონშია განთავსებული და მათ ოკუპირებული ტერიტორიის ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ გასროლა.
დასავლეთის რეაქცია, საქართველოს საზღვართან რუსეთის შეიარაღების გაძლიერებასთან დაკავშირებით, არ იცვლება. პენტაგონი აცხადებს, რომ თუკი ეს ინფორმაცია დადასტურდება, ეს იქნება კრემლის მხრიდან 2008 წლის შეთანხმების ვალდებულებების დარღვევა.
სანამ პენტაგონი რუსეთის ვალდებულებებზე საუბრობს, ჩვენ დავინტერესდით, თუ რეალურად რა პრობლემები წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო, თუკი რუსეთმა აგრესია გაზარდა თურქეთის მიმართ? რას უკავშირდება რუსეთის მიერ ცხინვალისა და აფხაზეთის სამხედრო ბაზების ახალი ტექნიკით აღჭურვა და რას მოასწავებს ეს საქართველოსთვის? რამდენად დაცულია საქართველოს ცა? ამ თემაზე „მეტრონომი“ ექსპერტს კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეს ესაუბრა, რომელიც ვარაუდობს, რომ შეიარაღების განახლებას საქართველოსთვის უმძიმესი შედეგები მოჰყვება.
მამუკა არეშიძე: “ამ შემთხვევაში, გეოპოლიტიკურ სიტუაციას უნდა გადავხედოთ. როცა ვლაპარაკობთ, რომ აფხაზეთსა და ცხინვალში სამხედრო ბაზებზე კონტინგენტი იზრდება და სამხედრო ტექნიკა ახლდება, ამ დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ გიუმრის /სომხეთი/ სამხედრო ბაზაზე რუსული სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა და ტექნიკა ინტენსიურად იზრდება. მათ უახლესი დამრტყმელი ვერტმფრენები მიიღეს. დაახლოებით 7000-კაციანი სამხედრო კონტინგენტი, რომელიც აქამდე იყო ბაზაზე, თურქეთის საზღვარზეა გადასროლილი, პლიუს /ბაზას/ ახალი კონტინგენტი ემატება. ამას ისიც დაემატა, რომ აზერბაიჯანსა და ყარაბაღს შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები განახლდა, ორივე მხარე უკვე სარაკეტო კომპლექსებს და მძიმე არტილერიას იყენებს. ამ კონტექსტში თუ შევაფასებთ ყველაფერს, მივხვდებით, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, თურქეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებებისთვის ემზადება.
„მეტრონომი“: საქართველოსთვის რა შედეგები მოჰყვება ამ ომს, თუ დაიწყო?
– უმძიმესი. რეგიონისთვის ამას უმძიმესი შედეგები მოჰყვება. თურქეთს რომ თავი დავანებოთ, არ გამოვრიცხავ, რომ აზერბაიჯანი-სომხეთის დაპირისპირების შემთხვევაში, რუსეთმა სომხეთის მხარე დაიკავოს. ეს გასაგებიცაა, იმიტომ რომ რუსეთი და სომხეთი ერთი ფორმატის უსაფრთხოების ხელშეკრულების წევრები არიან. შესაბამისად, ამან შეიძლება უმძიმესი შედეგები მოიტანოს რეგიონისთვის და სავარაუდოდ ასეც იქნება – ეს გახლავთ ეკონომიკური სტაგნაცია, ლტოლვილთა ნაკადი, დივერსიები ერთმანეთის წინააღმდეგ და ასე შემდეგ. რაც რამე უბედურება შეიძლება ახლდეს ომს, ყველაფრის მომსწრეები შეიძლება გავხდეთ – რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ /ომი/ დაიწყო; თუ, ერთის მხრივ, ყარაბაღის კონფლიქტი განახლდა, მეორეს მხრივ კი, თურქეთთან სამხედრო კონფრონტაციის დაწყების შემთხვევაში.
– არსებობს საფრთხე, რომ ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დაირღვეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა?
– ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, როგორც ამ გადმოსახედიდან ჩანს, უმთავრესი რიგის ამოცანა არ არის. ამ შემთხვევაში, ერთადერთი რაც რუსეთს შეიძლება დასჭირდეს, ეს გახლავთ საქართველოს ტერიტორიის გავლით თავისი სამხედრო ბაზების უფრო ინტენსიური მომარაგება.
იმ შეთხვევაში, თუ რუსეთსა და თურქეთს შორის სამხედრო კონფონტაცია არ მოხდა, მამუკა არეშიძის აზრით, გიუმრის, ცხინვალისა და აფხაზეთის სამხედრო ბაზებზე შეტანილი უახლესი ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსები „ისკანდერ-ემით“ და გაზრდილი კონტინგენტი იქიდან აღარსად წავა და მუდმივი მუქარის ობიექტად დარჩება.
გიორგი სურამელი