“თუ მარტის ბოლომდე არ იქნება შეთანხმება, ჩვენ ვიქნებით ავანგარდში წინააღმდეგობის მოძრაობის, ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობა უნდა დავიწყოთ ქვეყნის შიგნით,” – აღნიშნული განცხადება “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში საუბრისას გააკეთა.
როგორც ვაშაძემ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, მას აქვს კულუარული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულ ოცნებაში“ პრინციპულად არიან განწყობილნი პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, გიორგი რურუას საკითხზე კი ზეპრინციპულობას იჩენენ.
„ჩვენ ყველგან ვაფიქსირებთ, რომ მზად ვართ კომპრომისული გადაწყვეტილებისთვის და ამის ალტერნატივებიც ვთქვით, მაგრამ დღეს მე გავაკეთე საკმაოდ მკაცრი განცხადება, რადგან პირდაპირ გეტყვით, მე გამიჩნდა ისეთი შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ გვეთამაშება, უბრალოდ დროის გაწელვით არის დაკავებული. ეს განცდა გამიჩნდა მათი განცხადებებიდან, მიზანმიმართული მსჯელობებიდან იმაზე, თუ რას არ დათანხმდებიან არცერთ შემთხვევაში, რომ 6-დან ამდენ პუნქტს შეიძლება დასთანხმდნენ და ა.შ. ეს კეთდება იმისთვის, რომ ჩაშალონ მოლაპარაკებები, ოღონდ ისე ჩაშალონ, რომ როგორმე ოპოზიციას დააბრალონ. ჩვენ ამისთვის შევწყვიტეთ მძლავრი საპროტესტო აქციები, იმიტომ, რომ ვთქვით, მოდით პაუზა ავიღოთ და დაველოდოთ 16 მარტს, რომელიც გარკვეულ შუალედურ დედლაინად ჩამოაყალიბა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა.
მეორე მიმართულება არის, რას ვაპირებთ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ თუ მარტის ბოლომდე არ იქნება შეთანხმება, ვიქნებით ავანგარდში წინააღმდეგობის მოძრაობის, ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობა უნდა დავიწყოთ ქვეყნის შიგნით. ვგულისხმობ, რომ ჩვენი პარტნიორი ოპოზიციური პარტიები თუ შემოგვიერთდებიან თუ არადა, მარტოც რომ დამჭირდეს, მაინც ვაპირებ მთელი საქართველოს შემოვლას, რომ ხალხი გავაღვიძოთ, გამოვაფხიზლოთ, იმიტომ, რომ არ შეიძლება ქვეყანა ვაჩუქოთ ამ ხალხს.
ამ მოლაპარაკებების წინ, რომელიც, სავარაუდოდ, პარასკევს და შაბათს შედგება, მე პირდაპირ ვაცხადებ, რომ უნდა იცოდეს „ქართულმა ოცნებამ“, რომ ეს ასე არ ჩაივლის. ამათ ჰგონიათ, რომ უცხოური განცხადებებიც შეიცვლება, მერე რაღაცას მოაგვარებენ.
მე მაქვს ინფორმაციები, რომ ისინი თურმე პრინციპულად არიან განწყობილნი პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, გიორგი რურუას საკითხზე ზეპრინციპულობას იჩენენ. უფრო ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ ვხედავ, რომ თუ ჩვენ ცოტა სერიოზულად არ ვაჩვენეთ ამ ხალხს, რომ ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ, ესენი ჩვენ გადაგვჩეხავენ. თვითონ სადაც უნდათ იქ გადაიჩეხონ, მაგრამ ქვეყანას მე არ გადავაჩეხინებ ამ ხალხს. მე ამას შევეწირები და ბოლომდე ვიბრძოლებ ამისთვის“, – განაცხადა ვაშაძემ.