10 მარტს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, ნინო გიორგობიანი მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა გაავრცელა.
ნინო გიორგობიანი მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად დანიშვნამდე საქართველოს შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი იყო. მანამდე, ნინო გიორგობიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. ამასთან, ნინო გიორგობიანს აქტიურ ჟურნალისტიკაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში იგი მუშაობდა სხვადასხვა ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურში.
მეორე საკადრო ცვლილება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს შეეხო და მას დღეიდან ლერი ბარნაბიშვილი უხელმძღვანელებს. დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს წარუდგინა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დანიშვნამდე ლერი ბარნაბიშვილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელობდა; სხვადასხვა პერიოდში იგი იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი;
საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; აქვს შემოსავლების სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ლერი ბარნაბიშვილი პროფესიით სამართალმცოდნეა. მას განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
საკადრო ცვლილებებია “თბილისის განვითარების ფონდშიც”. ფონდს დღეიდან ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. დედაქალაქის მერმა, კახი კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ “თბილისის განვითარების ფონდს” ლევან ჯღარკავა უხელმძღვანელებს. აღსანიშნავია, რომ ლევან ჯღარკავა დღემდე დიდუბის გამგებლის თანამდებობას იკავებდა. ამასთან, კახი კალაძის თქმით, თუ ვინ იქნება დიდუბის ახალი გამგებელი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.