ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

რატომ დაიბარეს “ნაცმოძრაობის” წევრი კობა ნაყოფია პროკურატურაში

„ნაციონალური მოძრაობის” წევრი კობა ნაყოფია გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს. საქმე ეხება 23 თებერვალს, პარტიის ცენტრალურ ოფისში, ნიკა მელია დაკავებისას ინვენტარის დაზიანებასთან დაკავშირებით მის განცხადებას.

კობა ნაყოფია აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის აღების პროცესში დაზიანდა ინვენტარი, იყო მოპარული სერვერები და ვიდეო ჩაწერის ბლოკი, რაზეც პროკურატურას მალევე მიმართეს, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა. მისივე თქმით, მოითხოვენ დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყებას და იმ ადამიანების დასჯას, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს.

„მოგეხსენებათ, რომ საზოგადოებამ დაინახა ის ვანდალიზმი, რაც განხორციელდა 23 თებერვალს, როდესაც შტურმით იღებდნენ მთავარი ოპოზიციური ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს. ოფისის აღების პროცესში დაზიანდა ინვენტარი, იყო მოპარული სერვერები და ვიდეო ჩაწერის ბლოკი. ჩვენ მივმართეთ პროკურატურას, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტზე, ამის შემდეგ დაგვიკავშირდნენ პროკურატურიდან და გვთხოვეს გასაუბრება დამატებითი ინფორმაციის მისაწოდებლად. ვითხოვთ, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს დანაშაული.

ოფისში ფუნქციონირებდა გარე კამერის ჩამწერი ბლოკი, რომელიც წაიღეს. ალბათ, აინტერესებდათ ვინ მოდიოდა ოფისში და ვინ გადიოდა და ა.შ. თუმცა ამის კანონიერი უფლება არ გააჩნდათ. მეორე იყო სერვერები, რომელზეც გვქონდა შიდა პარტიული მიმოწერები.

პოზიტიური მოლოდინი, რა თქმა უნდა, არ მაქვს, ამას ისევე ჩაფარცხავენ, როგორც ბევრ სხვა საქმეს, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას არ აწყობს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება და დამოუკიდებელი პროკურატურა ამას აუცილებლად გამოიძიებს“, – აღნიშნა კობა ნაყოფიამ.

ცნობისათვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს.

იტვირთბა....