„არსებობს ტერორიზმის სხვადასხვა ფორმა – ეს არის ფსიქოლოგიური ტერორიზმის ნიმუში. გამოსავალი არის მარტივი – უნდა გამოვრთოთ ეს ფსიქოლოგიური ტერორიზმი და აღარც ეს ლაპარაკი იქნება საჭირო და აღარც ვნებათაღელვა”, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ფარული ჩანაწერების შესახებ კომენტირებისას ისაუბრა.
“ეს ტელესაროსკიპოები, რომლებიც ფსიქოლოგიურ ტერორს ეწევიან უნდა გამოვრთოთ და ისინი დარჩებიან ერთმანეთის პირისპირ. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ვნებათაღელვა არის მხოლოდ ეკრანზე. საზოგადოებას სხვა ინტერესები აქვს, სხვა რამეზე ფიქრობს, სხვა პრობლემები აქვს. ჩვენ ვაიძულებთ, რომ გინდა თუ არა, ეს არის მთავარი თემა, სინამდვილეში კი ეს ასე არაა. პანდემიაა მთავარი თემა ქვეყანაში, დასაქმება და განათლებაა თემა. მათთან კი დილა იწყება უბედურებით, გრძელდება უბედურებით, მთავრდება უბედურებით.
როგორც წესი, იქ მიდის სიცრუის განხილვა. როგორც კი გამოვრთავთ ტელესაროსკიპოებს, დამთავრდება ეს თემა. ვერ გეტყვით, რომ უცებ ავშენდებით, მაგრამ დამშვიდდება ეს ქვეყანა და დავიწყებთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას“, – განაცხადა გოგა ხაინდრავა.
ცნობისათვის, 9 მარტს ტელეკომპანია „იმედის” ეთერში გავიდა ბერა ივანიშვილის ინტერვიუ, სადაც მან აუდიოჩანაწერების შესახებ ისაუბრა.