ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“მონაზონი ეპისკოპოსს როგორც კერპს და წმინდანს არ უნდა უყურებდეს. არც იმ ტაძარს, სადაც მსახურობს” – გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

“მონაზვნური ცხოვრება უპირატესის მორჩილებაზე გადის. სამწუხაროა, როდესაც ეპარქიის მოქმედი მონაზვნების ნაწილს სარწმუნოებრივი ცხოვრების ამ საფუძველზე მეტად კერპთაყვანისმცემლური მიდგომები აქვს.

მონაზონს არ აქვს ნება. მონაზონს აღარ გააჩნია ამქვეყნიური ფუნქციები. მონაზონის ფუნქციაა ღმერთს ემსახუროს. ღვთისადმი მსახურება გულისხმობს თვითსინანულით ცხოვრებას და არა ნებით ქცევებს.
როდესაც სინოდი ეპისკოპოსს მიავლენს ეპარქიაში, მონაზონს არ აქვს უფლება უარი განუცხადოს მას წირვაში თანამონაწილეობაზე, მაგრამ აქვს უფლება უარი თქვას ეპარქიულ ცხოვრებაზე, წავიდეს ეპარქიიდან და ღვთისადმი მსახურების იმ ხერხებით იცხოვროს, რომელიც მიაჩნია საჭიროდ.
მონასტრებში არავინ აკავებს სასულიერო პირს თუ მორჩილს ძალით.

მონაზონი ეპისკოპოსს როგორც კერპს და წმინდანს არ უნდა უყურებდეს. არც იმ ტაძარს, სადაც მსახურობს. არც იმ მონასტერს, სადაც ცხოვრობს. ყოველთვის შეიძლება მოხდეს ისე, რომ ან ეპისკოპოსი შეუცვალონ, ან წინამძღვარი, ან სხვა მონასტერში გადაიყვანონ ან სხვა ტაძარში და მონაზონს უნდა ესმოდეს, რომ თითოეული მათგანი მისი კუთვნილება და საკუთრება არ არის. მიტროპოლიტი სტეფანე ამ ნაწილში მართალია, როდესაც მონაზონს უპირატესის მორჩილებას სთხოვს და თუ არ იღებს უპირატესს, აფრთხილებს, შემდეგ კი უშვებს იქიდან.

ის, რასაც მიტროპოლიტ პეტრესადმი რაღაც არაადეკვატური “ერთგულებით” თუ გაკერპებით ითხოვენ ეპარქიის სასულიერო პირების ნაწილი, არცერთ შემთხვევაში არ ჯდება მონაზონური ცხოვრების წესში, მეტიც ეს ანბანია, ფუნდამენტია მონასტრული ცხოვრების. სინოდი (როგორიც გინდა იყოს ის) ადგენს ეპარქიის წინამძღვარს, სასულიერო დასი ვალდებულია მიიღოს ის და იცხოვროს სულიერად, მიუხედავად იმისა, რამდენად სამართლიანად მიაჩნია ეს ცვლილება. და ყველაზე მთავარია, თუ კი მონაზონობა სურს ადამიანს, არ დაავიწყდეს რომ ყველა სიმართლისა და უსამართლობის იქით მისთვის უნდა არსებობდეს უფალი, რომელსაც ის ემსახურება, თუ ვის მოუვლენს უფალი, ეს უნდა თავად უფალს ანდოს.

მთელი ჩვენი უბედურება ის არის, რომ სასულიერო სივრცეში ღმერთის ადგილი გაქრა, ურწმუნო ადამიანებით გაივსო სინოდის, ეპარქიებიც და ა.შ. საერო და სასულიერო სივრცეები ისე შეეტმასნა ერთმანეთს და იმდენად ბევრის უფლებას აძლევს საკუთარ თავს სასულიერო სივრცე საეროში ჩარევით, რომ საპასუხოდაც იგივეს იღებს. სწორედ ეს შეზელვითი ქაოსი ქმნის იმ ფეთქებად კერებს, რასაც ვადევნებთ ხოლმე თვალს. ჟურნალისტს აქვს უფლება ისაუბროს პრობლემებზე და მოსთხოვოს პასუხები სასულიერო პირებს ? – ცხადია, აქვს.

ჟურნალისტს აქვს უფლება, სასულიერო პირების დახურულ კრებაზე შეიჭრას? – ცხადია, არ აქვს. რაც გინდა ინტრიგანი მოეჩვენოს ჟურნალისტი სასულიერო პირს, ის (სასულიერო პირი) ვალდებულია, რომ ფაქიზად და ფრთხილად მოექცეს, რადგან სწორედაც მონაზონი, იერარქი ატარებს იმ მძიმე ჯვარს, რაც მას თავისი თავისუფალი ნების გამოხატვას უკრძალავს და მხოლოდ ვალდებულებებს ანიჭებს.
რაც მარტვილში ხდება, ეს არის პრობლემათა მთელი კასკადი, რაზეც წლებია ვსაუბრობთ და რაც ერთბაშად ამოქმედებული ნაღმების სახით იჩენს თავს. მე არ მაქვს კარგი ურთიერთობა მიტროპოლიტ სტეფანესთან, მეტიც, ბოლოს მას კონფლიქტით დავშორდი წლების წინ და საკმაოდ იმავნებლა ჩემს წინააღმდეგ იმ სივრცეში, სადაც ერთად ვტრიალებდით, მაგრამ რაც ახლა მის გარშემო ხდება, არსებითად ის მართალი მხარეა, მისი პრობლემა სიხისტე და ქედმაღლობაა, თუმცა, ფაქტია, რომ იქ მას ხვდება ინტრიგების, პოლიტიკური მდგენელის, პიროვნული სიძულვილისა და პროვოკაციების დიდი ნაკადი, რაც მისი წინამორბედისგან (მიტროპოლიტი პეტრე იგულისხმება), მისი კავშირებისგან, პოლიტიკური მოტივისა და პიროვნული სიძულვილებისგან მოდის”, – წერს არჩილ გამზარდია.

ცნობისათვის, მარტვილში, კათედრაზე ახლადდადგენილმა მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა ეპარქიის ორ დიაკონს, რომლებიც უარს ამბობდნენ მასთან თანამსახურებაზე, მღვდელმოქმედება შეუჩერა, რასაც მრევლის ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. პროტესტის შემდგომ შეხლა-შემოხლისას ეპარქიის აივნის მოაჯირი ჩატყდა და ათამდე ჟურნალისტი გადაცვივდა. მათი ნაწილი დაშავდა.

იტვირთბა....