ბაგა-ბაღის დირექტორი ზაირა კურტანიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს
“გათავისუფლების მიზეზი გახდა დაკისრებული ვალდებულებების დარღვევა. კერძოდ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფის მიერ საბავშვო ბაგა-ბაღის შემოწმებისას კვების ბლოკში აღმოჩნდა საკვების გადამალვის ფაქტი“ – ნათქვამია ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ამავე განცხადებიდან ირკვევა, რომ ეს პირველი ლოგოპედიური ბაგა-ბაღის დირექტორის მხრიდან პირველი დარღვევა არ ყოფილა.
„ეს იყო აღნიშნული ბაღის დირექტორის მიერ ვალდებულებების განმეორებითი დარღვევა. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტის თანახმად, როდესაც პირის მიმართ ერთი წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა (საყვედური), განმეორებით შემთხვევაში ხდება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა“
ასევე, სააგენტოს ცნობით, პირველ ლოგოპედიურ ბაღში განმეორებითი შემოწმების საფუძველი როგორც ბაღის თანამშრომლების, ისე მოქალაქეების მხრიდან სააგენტოს ცხელ ხაზზე არაერთხელ დაფიქსირებული ინფორმაცია გახდა ბაგა-ბაღში არსებული დარღვევების შესახებ.
სააგენტო განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ საბავშვო ბაგა-ბაღის თანამშრომლის გათავისუფლების მიზეზი შეიძლება გახდეს მხოლოდ და მხოლოდ მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება ან/და სამსახურებრივი გადაცდომა.
“მეტრონომი” ამ დრომდე ცდილობს მეორე მხარესთან დაკავშირებას, რომლის პოზიციასაც აუცილებლად შემოგთავაზებთ.