ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს მოქალაქეებს მალე ლეგალურად დასაქმება ისრაელსა და საფრანგეთშიც შეეძლებათ

პირველი ქვეყანა სადაც საქართველოს მოქალაქეებს ლეგალურად დასაქმება შეეძლებათ, ისრაელი იქნება. ასევე საფრანგეთთან არის გაფორმებული ხელშეკრულება და დიდი იმედი გავქვს, რომ აქაც წელს განვახორციელებთ დასაქმების პროგრამას. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსმა, გიორგი ბუნტურმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გერმანიის გარდა საქართველოს მოქალაქეების ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებით 3 ქვეყანასთანაა მიღწეული შეთანხმება. ისრაელისა და საფრანგეთის გარდა, საქართველოს მოქალაქეებს ბულგარეთშიც შეეძლებათ დასაქმება.

„გერმანია პირველი ქვეყანაა, რომელთანაც ოფიციალურად დავიწყეთ ცირკულარული მიგრაციის სფეროში შეთანხმების განხორციელება. გერმანიის გარდა 3 ხელშეკრულებაა გაფორმებული, რომელთა ამოქმედებაზეც ვმუშაობთ. ეს ქვეყნებია საფრანგეთი, ისრაელი და ბულგარეთი. სავარაუდოდ, ამ ქვეყნებიდან პირველი ისრაელი იქნება და შეიძლება, საფრანგეთიც, სადაც წელს დაიწყება დასაქმების მსურველების რეგისტრაცია. დიდი იმედი გვაქვს, რომ წელს ისრაელიც დაემატება. მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულ ქვეყანასთან მოლაპარაკების საგანი ინდივიდუალურია. ისრაელის და საფრანგეთის შემთხვევაში სხვადასხვა სექტორებზეა საუბარი. საფრანგეთის შემთხვევაში 50 პროფესიაა განსაზღვრული. ბულგარეთშიც არანაირი შეზღუდვა არაა. სამომავლოდ შესაძლოა, გერმანიასთანაც მოხდეს სხვა სექტორების დამატება. ასევე, ვაგრძელებთ ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებებს, რომ მსგავსი ტიპის შეთანხმებებს მივაღწიოთ და საქართველოს მოქალაქეებმა ლეგალურად შეძლონ დასაქმება“, – განაცხადა გიორგი ბუნტურმა.

შეგახსენებთ, გერმანიაში დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია თებერვალში დაიწყო. ხოლო რეგისტრირებული მოქალაქეები დასაქმებას აპრილის თვიდან შეძლებენ.

იტვირთბა....