ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კიდევ რომელი ორი პარტია აპირებს პარლამენტში შესვლას – ისინი საკანონდებლო ორგანოში შესაძლოა თვის ბოლოს ვიხილოთ

ოპოზიციის ნაწილი მზად არის, თუკი ხელისუფლებასთან პლებისციტსა და საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმებას  მიაღწევს, პარლამენტში შევიდნენ. „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო“ ამის შესახებ უკვეე ღიად საუბრობენ და ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებია მისაღები, რასაც მათი მხადაჭერა სჭირდება. ხელისუფლების პოზიცია კი კვლავ უცვლელია და აცხადებენ, რომ პლებისციტი და რიგგარეშე არჩევნები მათვის მიუღებელია და მაქსიმუმ რაც შეიძლება ოპოზიციას შესთავაზონ, საგამოძიებო კომისიაში ჩართვაა.

თუმცა „რეზონანსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის არაფორმალური მოლაპარაკებები სწორედ პლებისციტთან დაკავშირებით მიდის. ხელისუფლება ოპოზიციას პირობას უყენებს, რომ თუკი პლებისციტზე შეთანხმება მოხდება, მაშინ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს.

16 მარტს, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში სწორედ პლებისციტზე შეთანხმებას ჩაიტანს. ოპოზიციის ნაწილი ვარაუდობს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება საბოლოოდ მარტის ბოლოს გაფორმდება.

აღსანიშნავია, რომ პლებისციტის იდეა კატეგორიულად მიუღებელია „ნაციონალური მოძღაობისა“ და „ევროპული საქართველოსათვის“. ოპოზიციაში ამგვარი აზრთა სხვადასხვაობა, ანალიტიკოსების აზრით, იმის ნიშანია, რომ მცირე პარტიები „ნაცმოძრაობისგან“ დისტანცირებას იწყებენ, რადგან გააცნობიერეს რომ ენმ-ის ორბიტაზე დარჩენა მათთვის განადგურების ტოლფასია.

„ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში შესვლას გეგმავენ.

„ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა და მხარდაჭერაც სჭირდება“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში შესვლის გარეშე ვერ მოხდება ის ფუნდამენტური საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელზეც არის საუბარი. ეს არის სრულად პროპორციული სისტემა, საარჩევნო ბარიერის დაწევა და ა.შ.

ვაშაძე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ინიციატივით მართლმსაჯულების საკითხიც არის შესული იმ საკითხთა ჩამონათვალში, რომელზეც შეთანხმება უნდა მოხდეს და შესაძლოა, მასაც დასჭირდეს საკონსტიტუციო ცვლილებები.

„შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ინიციატივით მართლმსაჯულების საკითხი დაემატა ამ საკითხებს. შეიძლება გარკვეულ თემებზე საკონსტიტუციო ცვლილებებიც დაგვჭირდეს მართლმსაჯულებასთან მიმართებაში. ასევე არის ანტიკორუფციული მექანიზმის ჩამოყალიბებაზე საუბარი, ძალაუფლების გადანაწილებაზე საპარლამენტო საქმიანობის დროს. ასე რომ, ბევრი საკითხი დაემატა. ეს საკითხები დაემატა ევროკავშირის მხრიდან,“ – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ უკვე მორიგ შეხვედრაზე მათ „რაღაც ახალი“ უნდა უთხრას. ვაშაძე აცხადებს, რომ მათ შეუძლიათ აირჩიონ ან პირდაპირი არჩევნები, ან პლებისციტი.

ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მაქსიმუმ მარტის ბოლომდე მოხდება და ამ მოლაპარაკებების პროცესში კომპრომისზე წასვლა როგორც ოპოზიციას, ასევე ხელისუფლებას მოუწევს.

„ლელოს“ გენერალური მდივნის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტზე შეთანხმების შემთხვევაში „ლელო“ პარლამენტში შევა და საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩაერთვება.

როგორც ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, საგამოძიებო კომისია ისე უნდა ჩამოყალიბდეს, რომ ოპოზიციის სიტყვა წონადი იყოს.

„შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში შევდივართ პარლამენტში და აქტიურად ვიმუშავებთ ამ შეთანხმების რეალიზაციაზე, რადგან ის მოითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებებს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, საგამოძიებო კომისიაშიც მივიღებთ მონაწილეობას, ოღონდ ეს საგამოძიებო კომისია იმდაგვარად უნდა იყოს ფორმირებული, რომ ოპოზიციის სიტყვა იყოს მართლაც წონადი და არ იყოს საგამოძიებო კომისია მხოლოდ ქაღალდზე, რომ  სადღაც აღნიშვნა მოხდეს, რომ გამოძიება ჩავატარეთ. ეს უნდა იყოს რეალური საგამოძიებო კომისია“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

კითხვის გაგრძელება

იტვირთბა....