ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რატომ გამოიწვია დავით ზურაბიშვილის „ფეისბუქ“ პოსტმა სკანდალი

„რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი წევრისა და პოლიტიკური ანალიტიკოსის დავით ზურაბიშვილის მიერ სოციალურ ქსელში პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშილისა და ბერა ივანიშვილის აუდიო ჩანაწერის თაობაზე გამოთქმულ მოსაზრებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ზურაბიშვილის თქმით, აღნიშნული ჩანაწერი არის ძველი, თუმცა ეს არ ამართლებს ფაქტს, რომ ჩანაწერში დაფიქსირებული თანამდებობის პირები დღეს ქვეყნის სათავეში არიან.

მიმდინარე სკანდალზე, „რეზონანსი”, დავით ზურაბშვილის ესაუბრა, რომელმაც შეაფასა აღნიშნული ვითარება და ისაუბრა იმაზე, თუ რატომ გამოიწვია მისმა განცხადებამ არაერთგვაროვანი რეაქცია.

„ის ფაქტი, რომ ბერა ივანიშვილი აბულინგებდა თინეიჯერებს იმის გამო, რომ მას აკრიტიკებდნენ და შეურაცხყოფდნენ „ფესიბუქზე”, ეს პირადად ჩემთვის არ იყო ახალი. მე მსგავსი შემთხვევების შესახებ აქამდეც მსმენია. რეალურად ამ ამბავში სკანდალური იმდენად არ იყო ბერა, რამდენადაც ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ამჟამად არის პრემიერ-მინისტრი. ასევე ანზორ ჩუბინიძე, რომელიც იყო შინაგან საქმეთა მინისტრიც, უშიშროების ხელმძღვანელიც, ახლა სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსია, ასევე მოქმედი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.

„რეალურად მოქმედ თანამდებობის პირებზეა საუბარი და ეს არის სკანდალური. ინტერნეტ პორტალ „ფორუმ ჯი”- ზე 2011 წელს წერდა ერთი ადამიანი სწორედ ასეთ შემთხვევაზე, რომ ბერამ ჩემთან გამოგზავნა რამოდენიმე ადამიანი და მომთხოვა ბოდიშის მოხდაო, მან კლიპში ანზორ ჩუბინიძეც ამოიცნო. ანუ 2011 წლის ჩანაწერზე მაქვს საუბარი. ის კონკრეტული შემთხვევები, რაზეც აღნიშნულ ჩანაწერშია საუბარი ვფიქრობ, რომ არის ძველი – 2011 წლის, როდესაც ღარიბაშვილი „ქართუ”-ში მუშაობდა და ანზორ ჩუბინიძე და გომელაური იყვნენ ბიძინა ივანიშვილის დაცვაში და ასევე შესაძლოა ბერას დაცვაშიც.

„მე ვფიქრობ, რომ როგორც მინიმუმ მორალურადაც არ აქვს ირაკლი ღარიბაშვილს უფლება ქვეყნის სათავეში დგომის და მათთან ერთად არც ჩუბინიძეს და გომელაურს.

„ჩემმა პოსტმა რეალურად სკანდალი იმიტომ გამოიწვია, რომ მე თარიღზე მივუთითე და აღვნიშნე, რომ ეს აუდიოჩანაწერები არის ძველი. მე ძალიან რთულად წარმომიდგენია, რომ მინისტრი მიადგეს გლდანში თუ სხვაგან ვინმე უფროსკლასელს სახლში, ავიდეს მის ოჯახში და საქმის გარჩევა დაუწყოს – რატომ დაწერე ბერაზე ასეთი კომენტარიო. ეს წარმოუდგენელი მგონია.

„თარიღზე იმიტომ აქვთ გართულება, რომ უფრო რეზონანსულია თქვა, რომ დღეს მოქმედი თანამდებობის პირები ადგებიან ვიღაცებს სახლებში და ემუქრებიან. ეს ზღვარსგადასული ქმედებაა და არის მცდელობა იმისა, რომ ამ ფაქტით გადაიფაროს წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებები.

„მე მიმაჩნია, რომ ვერანაირი დანაშაული ვერ გადაფარავს წინა ხელისუფლებას, მითუმეტეს არ წარმოადგენს ამ ხელისუფლებას არსებითად უფრო უარესად, ვიდრე წინა იყოს. მე თუ მკითხავთ, არცერთი არ ვარგა.

„თუმცა საქმე ისაა, რომ ამ ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, რადგან ვიღაცებმა არ ჩავთვალეთ, რომ ვაი, დედა, ეს ვინ მოვიყვანეთ ხელისუფლებაში 2012 წელს და თავზე ნაცარი არ დავიყარეთ, ამის გამო გვაკრიტიკებენ. ეს არ მოხდება. მე ვფიქრობ რომ 2012 წელს ჩვენ სწორი არჩევანი გავაკეთეთ და არავის არ უნდა დაავიწყდეს წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებები.

„ასევე აღნიშნული სკანდალი არ მოიტანს დადებით შედეგებს მოლაპარაკებების კუთხით, მე ესეც ვთქვი და არც ეს მოეწონათ. ნაკლებად მჯერა ისიც, რომ ეს მხოლოდ ჟურნალისტური გამოიძიებაა და პოლიტიკა არაფერ შუაშია. რეალურად დღეს პოლიტიკურ სპექტრში ბევრია დაინტერსებული იმით, რომ ვითარება გამწვავდეს, რადგან ხალში პანიკა და აღშფოთება გამოიწვიონ.

„მაშინ, როცა ევროკავშირის შუამავლობით გარკვეული შეთახმება იყო მიღწეული ჩანასახოვან მდგომარეობაში, იგივე რიგგარეშე არჩევნების და პლებისციტის კუთხით, ასეთ დროს მსგავსი ჩანაწერების გამოქვეყნება, რომელიც ვითარებას აუარესებს, არ შეუწყობს ხელს პოლიტიკურ დიალოგს.

„ხელისუფლება ეცდება ამ ვითარებიდან ყურადღება გადაიტანოს, ხოლო დასავლეთისთვის ეს ამბავი არ იქნება ძალიან სერიოზული. სერიოზული იქნებოდა, რომ ახლა მოქმედი მინისტრი მიდიოდეს ვიღაცასთან სახლში და ემუქრებოდეს დამარხვით და შემდეგ ამაზე ხითხითებდეს, მაგრამ ამაშია საქმე, რომ ეს არ არის ახლანდელი ჩანაწერი,” – ამბობს დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან” საუბრისას.

წყარო: “რეზონანსი”

იტვირთბა....