ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა მისწერა ბიძინა კულუმბეგოვმა COVAX-ს და რა პასუხი მიიღო

“არა მგონია, ვაქცინის დაყოვნებაში საქართველოს ბრალეულობა ყოფილიყო,” – აღნიშნულის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს.

ამას უბრალოდ, ვერ წარმოვიდგენ და კონსპირაციულ თეორიებს ვერ შევყვები, რომ აპლიკაცია ვერ შეავსეს. ვიცი რა, იმ ადამიანების კვალიფიკაცია, ვინც ამ აპლიკაციებს ავსებს, ეს სრულიად წარმოუდგენელია. მინიმალური პროტოკოლის დამტკიცებისასაც კი, ასე ვთქვათ, მინისტრის მოადგილიდან დაწყებული, მინისტრით დამთავრებული, ყველა ჩართულია ამ პროცესში“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

კულუმბეგოვის განცხადებით, ის დაინტერესდა, თუ რა კრიტერიუმებითა და რიგითობით ანაწილებს COVAX პლატფორმა ვაქცინებს. შესაბამისი კითხვებით მიმართა კიდეც აღნიშნულ პლატფორმასა და მის დამაარსებელ ორგანიზაციას.

“პირველად ვიტყვი ამას – მე, როგორც ერთმა პიროვნებამ, მივწერე GAV-ს (ვაქცინების გლობალური ალიანსი) და COVAX-ს, რადგან GAV არის COVAX პლატფორმის შემქმნელი და ვითხოვე ინფორმაცია, თუ რის მიხედვით განისაზღვრება ვაქცინის მიმღები ქვეყნების რიგითობა და როდის ჩამოვა ჩვენს ქვეყანაში ვაქცინა, როგორც ერთი ექიმი, გისვამთ ამ კითხვას-მეთქი. მათ ორი დღის წინ მომწერეს პასუხი და მითხრეს, რომ ეს რიგითობა უბრალოდ არ არსებობს. გათვალისწინებულია მხოლოდ ქვეყნების მზაობის კრიტერიუმები, როგორიც არის ეროვნული ვაქცინაციის გეგმის დამტკიცება, ვაქცინების ლიცენზირება და ასევე ის, თუ რა თანმიმდევრობით შეიტანეს ქვეყნებმა განაცხადი. ჩვენ ამ კრიტერიუმებს, რასაკვირველია, ვაკმაყოფილებდით, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ვაქცინა ერთბაშად ყველგან ვერ გაიგზავნება.

COVAX ჩვენ მოგვცემს ვაქცინებს, მაგრამ მთავარია, იქნება თუ არა განხორციელებული ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, რისთვისაც დიდი რაოდენობით ვაქცინაა საჭირო“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, ვაქცინების მოსაპოვებლად პროაქტიური მოქმედებებია საჭირო და შესაძლებელია, საქართველოს ხელისუფლებამ ეს გააკეთა კიდეც, მაგრამ ინფორმაცია გამჭვირვალე უნდა იყოს და საზოგადოებამდე მიდიოდეს.

„შესაძლებელია, მათ არაფერი არ დააკლეს და იგივე ზაფხულიდან მოყოლებული მუშაობდნენ უშუალოდ მწარმოებლებთან. რჩება შთაბეჭდილება, რომ მარტო იმას ველოდებოდით, COVAX როდის რას მოგვცემდა და საერთოდ არ გვქონდა კომუნიკაცია Pfizer-თან ან იმ კომპანიებთან, რომლებიც ჩანდა, რომ ძალიან სერიოზულ მეცნიერულ ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ ვაქცინებს ქმნიდნენ და ისინი იმ ქვეყნებში იქმნებოდა, სადაც მათ აღიარებას პრობლემა არ შეექმნებოდა. რასაკვირველია, კვლევის ფაზაში გარკვეული რისკი იყო, რადგან ჩვენ არ ვიცით, ბოლო, ფინალურ ეტაპზე მიაღწევს თუ არა ვაქცინა. შესაძლოა, ამ მწარმოებლებთან კომუნიკაცია იყო, მაგრამ უნდა გაასაჯაროონ და ჩვენ გვითხრან ამის შესახებ, რომ ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი ტიპის და რესურსის მქონე ქვეყნისთვის ეს შეუძლებელი იყო“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

იტვირთბა....