ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მწერენ ოჯახი დამინგრიო…” – რატომ ემუქრებიან გიორგი ფხაკაძეს

“რა მუქარაც უნდა იყოს, ვიცი, რომ ვარ მართალი. საქართველოში ვერავინ გააკეთებს იმას, რასაც მე ვაკეთებ,” – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს.

ფხაკაძის თქმით, პირბადეებთან დაკავშირებით მის მიერ წამოწყებული კამპანია დადებითად მხოლოდ რამდენიმე ფარმაცევტულმა კომპანიამ მიიღეო.

“რა მუქარაც უნდა იყოს, ვიცი, რომ ვარ მართალი. საქართველოში ვერავინ გააკეთებს იმას, რასაც მე ვაკეთებ. ვინ შეიძლება საქართველოში ღიად დაუპირისპირდეს ფარმა კომპანიებს? აქ საუბარია პროფესიონალურ დაპირისპირებაზე, თორემ კონკრეტულად არავისი წინააღმდეგი არა ვარ. მე მაქვს ამისი ფუფუნება, ჩემი გამოცდილებიდან, ჩემი განათლებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა ის, რასაც ვამბობ. ფარმა კომპანიები, იმის მაგიერ, რომ ხელი შეუწყონ მოსახლეობას ამ მძიმე პერიოდში, ცდილობენ ფული იშოვონ. ზოგი ფარმაკომპანიამ მიიღო დადებითად ჩემი კამპანია და უკვე სამი კომპანია ყიდის მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო პირბადეს. გგონიათ უხარიათ, რასაც ახლა აკეთებენ? არა, მაგრამ ისინი მიხვდნენ, რომ სჯობს სამედიცინო პირბადე გაყიდონ. სხვა კომპანიები ჯერ შორიდან უყურებენ…

დაფიქრდით, ვინ შეიძლება, აბა, ამის უკან იდგეს? დავუშვათ თქვენ შემოიტანეთ 100 000 დოლარის ღირებულების ნაგავი პირბადე და გინდათ რომ გაასაღოთ, რას იზამდით? ესაა ჩემი პასუხი. არ ვსაუბრობ მხოლოდ დიდ კომპანიებზე, არიან პატარა კომპანიებიც, რომლებმაც 20-30 ათასის ღირებულების პირბადეები შემოიტანეს და პირდაპირ მწერენ, – შენ ოჯახი დამინგრიეო, შემოვიტანე და ვფიქრობდი, რომ 40 თეთრად გავყიდდიო… არ იცით, რა შინაარსის წერილები შემომდის და მე ვეუბნები, კი ბატონო, გაყიდეთ ელიავაზე, გაყიდეთ სხვა მოხმარებისთვის, მაგრამ არა სამედიცინო მოხმარებისთვის, აფთიაქებში რა უნდა ამ პირბადეებს? ათას სისულელეს ავრცელებენ, ვსაუბრობ პირბადეზე და უყურებენ ჩემი ცხვირის ზომას – სხვას ვერაფერს რომ ვერ პოულობენ, ალბათ… მთელი ჩემი ბიოგრაფია საჯაროა, საკონტაქტო ინფორმაცია საჯაროა, სად ვმუშაობდი, ვისთან, რამდენი ხანი ვმუშაობდი, არაფერს ვმალავ.

ადამიანები ვერ ხვდებიან, რატომ შეიძლება რამეს ვაკეთებდე უანგაროდ. საქართველოში ხშირად ხდება ისე, რომ რაღაცას აკეთებს ადამიანი და საბოლოოდ მთვარდება ეს ბიზნესინტერესით. ზოგი ტელევიზიაში წავიდა, ზოგი პოლიტიკაში, ზოგი ფარმა კომპანიაში, საბოლოო ჯამში ყველა აღმოჩნდა ვიღაცასთან, მე ერთი წელია ვლაპარაკობ და რომელიმე კომერციულ კომპანიასთან, რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიმე თანამდებობის პირთან ვარ შემჩნეული? „იმედშიც“ გადის ჩემი ინტერვიუ და მერე „მთავარ არხზე“ – ხალხი დაიბნა, ხან ხელისუფლების მომხრე ვგონივარ, ხან მოწინააღმდეგე. არც ერთი ვარ და არც მეორე და ვისაც გონება აქვს მიხვდება, რომ ინტერესი მაქვს ნული – როგორც პოლიტიკური, ისე თანამდებობრივი.

კარგსაც ვიტყვი, რამდენიმე აფთიაქმა თავიდან შემოიტანა იაფიანი, თურქული პირბადე, არც მერე აღიარეს შეცდომა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სამედიცნო პირბადეების კამპანია დავიწყე, უკვე ხალხი მწერს, რომ ნელ-ნელა კარგი პირბადეების შემოტანა დაიწყეს კომპანიებმა” – ამბობს ფხაკაძე.

იტვირთბა....