“დღეს მთავარი პრობლემა ის კი არ არის შემოვა თუ არა ვაქცინა, ან დაიგვიანებს თუ არა მისი შემოტანა, პრობლემა და შიშის საფუძველია ის, მივა თუ არა მოსახლეობა ასაცრელად,” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ “ღამის კურიერში” სტუმრობისას განაცხადა.
ამასთან, გაბუნია აღნიშნავს, რომ ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით მთავარი პრობლემაა ის, რომ შესაძლოა, სამინისტროს მხრიდან სამუშაო დეტალები საკმარისად გაზიარებული არ ყოფილა.
„ყველას გვინდა ამ პროცესში ჩვენი წვლილი შევიტანოთ, ჩვენი წვლილისა და ადგილის განსაზღვრა კი ძალიან მნიშვნელოვანია. პროცესები როდესაც დაწყებულია და ამას მთავრობა ეტაპობრივად მიყვება, რაღაც შეიძლება ერთმანეთს დაემთხვეს. მე ვფიქრობ, ჩვენთვის მთავარი პრობლემაა ის, რომ შესაძლოა, სამინისტროს მხრიდან სამუშაო დეტალები საკმარისად გაზიარებული არ ყოფილა. ამასაც რაღაც ახსნები აქვს. გაუთქმელობის ხელშეკრულებაა პირველი ეტაპი, რომელსაც ჩვენ ხელს ვწერთ.
თუმცა, მნიშვნელოვანია რაღაცნაირად გავერთიანდეთ თემის გარშემო. მე იმის პრობლემა და შიში არ მაქვს რომ ქვეყენაში ვაქცინა არ შემოვა, მე იმის შიში მაქვს, მარტში როდესაც ის 40 000 დოზა შემოვა, აპრილში, ჩვენ რამდენად წარმატებით ავითვისებთ მას და მოსახლეობა მივა თუ არა ასაცრელად, თუნდაც სამედიცინო პერსონალი,”- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, ქვეყანაში “ფაიზერის” პირველ დოზას თებერვლის ბოლოს ელოდებოდნენ, თუმცა ვაქცინის შემოტანის პროცესი გადაიდო.
ვაქცინის შემოტანის დაგვიანების საკითხს გამოეხმაურნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პირები და ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი. როგორც მათ განაცხადეს, საქართველოში ხარისხიან ვაქცინაციას ელოდებიან, რაზეც მოთხოვნა დიდია, დაგვიანებაც სწორედ ამას უკავშირდება. ხოლო, ქვეყნებმა, რომლებმაც ვაქცინაცია უკვე დაიწყეს, მათ ძირითადად ჩინური და რუსული ვაქცინები აქვთ.