დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ჩინური ვაქცინა “სინოფარმი” ავტორიზაციასთან უკვე ახლოსაა, ამიტომ მისი საქართველოში შემოტანის საკითხის განხილვა დაწყებყლია.
რაც შეეხება რუსულ ვაქცინას, როგორც გაბუნია ამბობს, მისი შემოტანა პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე არ იგეგმება.
“ძალიან ბევრი შუალედური კომპანიები გაჩნდა ბაზარზე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ჩინური ვაქცინა “სინოფარმი” ძალიან ახლოს არის ავტორიზაციასთან. ჩვენ ამ ოფციის განხილვა უკვე დაწყებული გვაქვს. რაც შეეხება რუსულ ვაქცინა, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ოფცია არ ყოფილა ჩვენთვის. ავტორიზაციასთან ახლოს რუსული ვაქცინაც არის, თუმცა ბაზარი ფართოა და ქვეყანა მოახერხებს სხვა ვაქცინების მობილიზებას,”-აღნიშნა თამარ გაბუნიამ “რუსთავი2”-ის ეთერში.
შეგახსენებთ, ქვეყანაში “ფაიზერის” პირველ დოზას თებერვლის ბოლოს ელოდებოდნენ, თუმცა ვაქცინის შემოტანის პროცესი გადაიდო.
ვაქცინის შემოტანის დაგვიანების საკითხს გამოეხმაურნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პირები და ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი. როგორც მათ განაცხადეს, საქართველოში ხარისხიან ვაქცინაციას ელოდებიან, რაზეც მოთხოვნა დიდია, დაგვიანებაც სწორედ ამას უკავშირდება. ხოლო, ქვეყნებმა, რომლებმაც ვაქცინაცია უკვე დაიწყეს, მათ ძირითადად ჩინური და რუსული ვაქცინები აქვთ.