ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კიდევ ერთი უნიკალური დაცული ტერიტორია შეიქმნება

5 მარტს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა კანონპროექტი „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომლის მიხედვითაც საქართველოში მალე კიდევ ერთი დაცული ტერიტორია შეიქმნება, რომლის საერთო ფართობიც 6000 ჰექტარს შეადგენს.

კანონპროექტის მიხედვით განსაზღვრულია „მარიამჯვრის“ დაცული ტერიტორიების ფართობი და საზღვრები, რომელიც მოიცავს  უკვე არსებულ მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალს, ასევე ახლადშექმნილ ცივ-გომბორის აღკვეთილს, სადაც შემორჩენილია ისეთი უნიკალური მუხნარი უთხოვარის ქვეტყით, რომლის ანალოგი არათუ საქართველოში, მთელ მსოფლიოში არ არსებობს.

ასევე, ამ ტერიტორიას ისეთი მიკროკლიმატი გააჩნია წელიწადის ყველა სეზონზე, რაც ვიზიტორების ჯანსაღ დასვენებას უზრუნველყოფს და ხელს შეუწყობს საკურორტო ინფრსტრუქტურისა და ტურიზმის განვითარებას.

„კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ცივ-გომბორის აღკვეთილისათვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე წარმოდგენილია საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მერქნიანი სახეობები.   საქართველოს წითელი ნუსხის ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე წარმოდგენილია მურა დათვი და გვხვდება კეთილშობილი ირემი. ამასთანავე აღნიშნული ფართობებს აქვს საკვანძო მდებარეობა, სადაც მოხვედრილ ტურისტს ეძლევა შესაძლებლობა მოხვდეს სოფელ თეთრ წყლებში, შუამთაში, თელავში, წინანდალში და უძველეს ისტორიულ ქალაქ ჭერემთან; აღკვეთილის  ტერიტორიაზე მდებარე  „ბებერი კლდის“ მიდამოებში წარმოდგენილია ხელუხლებელი მუხნარი უთხოვრის ქვეტყით, რომლის ანალოგი არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც არ მოიპოვება. აღნიშნულ ტყეებს  წელიწადის ნებისმიერ დროს – ზამთარში და ზაფხულში გააჩნიათ თვითმყოფადი მიკროკლიმატი გაჯერებული უარყოფითი იონებით და ფიტოციდებით სადაც არის იდეალური გარემო ვიზიტორების ჯანსაღი დასვენებისა და ჯანმრთელობის აღდგენისათვის. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აღნიშნული ადგილი კლიმატური მნიშვნელობის პულმონოლოგიურ, კარდეოლოგიურ, ნევროლოგიურ და პროფილაქტიკური მნიშვნელობის საკურორტო ტერიტორიაში შედის. შესაბამისად ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა ხელს შეუწყობს ზემოთ აღნიშნული ბიომრავალფეროვნების დაცვას და შენარჩუნებას“, – ნათქვამია პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის განცხადებაში.

იტვირთბა....