ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოცნებას მიკიბ-მოკიბვის გარეშე მოუწევს პლებისციტის ჩატარება, რადგან თავი ყულფში აქვს გაყოფილი”- გიგი უგულავა

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით პლებისციტის შესაძლო ჩატარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ როცა ოპოზიცია და ხელისუფლება ვერ თანხმდება, აუცილებელია აზრს ძალაუფლების მთავარ წყაროს დაეკითხონ.

როგორც უგულავამ “პოლიტიკურ პარასკევში” განაცხადა, ოპოზიციის მთავარ მოთხოვნად ვადამდელი არჩევნები რჩება, რაც თავის თავში არ გამორიცხავს პლებისციტის ჩატარებას.

“პლებისციტი არის, ვკითხოთ ხალხს. როდესაც ჩვენ ვერ ვთანხმდებით და შუბლით ვასკდებით ერთმანეთს, უნდა ჰკითხო იმას, რეალურად ვინცაა ძალაუფლების წყარო – ანუ ხალხს. ამიტომ შეუძლებელია, რომელიმე პოლიტიკოსი თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში იყოს პლებისციტის მოწინააღმდეგე.

ჩვენი მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნები, ამიტომ “ოცნებას” რაღაც მიკიბ-მოკიბვის გარეშე მოუწევს, პლებისციტის ჩატარება, რადგან თავი ყულფში აქვს გაყოფილი,”- განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, პირველ მარტს ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შრის შეხვედრა შედგა. მხარეები სამომავლო მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, ხოლო კრიზისიდან გამოსასვლელად ორკვირიანი ვადა მიეცათ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე ოპოზიციამ დააყენა წინადადება, მისაღებია, თუ შემოდგომაზე თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად პლებისციტსაც ჩაატარებენ.

იტვირთბა....