ერგნეთის რიგით 98-ე შეხვედრასთან დაკავშირებით სუს-ი ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. სუს-ის განცხადებით, შეხვედრაზე მკაცრად იყო დაყენებული საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების: ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევის, ლაშა ხეთერელის და რამაზ ბეღელურის უკანონო პატიმრობიდან უპირობოდ გათავისუფლების საკითხი.
განცხადებაში აღნიშნულია ასევე, რომ საუბარი უკანონო ბორდერიზაციასაც შეეხო, რაც ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას ზღუდავს.
“გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 98-ე შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა, მკაცრად მოითხოვეს საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების: ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევის, ლაშა ხეთერელის და რამაზ ბეღელურის უკანონო პატიმრობიდან უპირობოდ გათავისუფლება.
შეხვედრაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, რომელიც უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, საფრთხეს უქმნის ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის პირად უსაფრთხოებას და ზღუდავს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფლად გადაადგილებას.
აქცენტი ასევე, გაკეთდა არჩილ ტატუნაშვილის სასტიკ მკვლელობაზე, დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საკითხსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებზე.” – ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.
მორიგი შემთხვევა 23 აპრილს ჩაინიშნა.