“რუსთავი 2”-ში მოსალოდნელია სტრუქტურული ცვლილებები, რაც არხის გენერალური დირექტორის თქმით, ტელეკომპანიის ეფექტურობას და რეიტინგს გაზრდის. პაატა სალია “მეტრონომთან” აცხადებს, რომ დაგეგმილია ის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც ხელს შეუწყობს სატელევიზიო ბაზარზე “რუსთავი 2”-ის წინ წამოწევას.
მოკლედ იმ დოკუმენტის შესახებ, რომელიც გავრცელდა: პაატა სალიას ხელმოწერილ ბრძანებაში განმარტებულია, რომ ამის მიზეზია, “პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები, სარეკლამო ბაზრის მოცულობის შემცირება და სატელევიზიო არხის რეიტინგის კლება”. დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ “რუსთავი 2”-ის საქმიანობის “ეფექტურობის გაზრდის” მიზნით, მნიშვნელოვანია, გაუმჯობესდეს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციონირება და კომპანიაში დასაქმებული ადამიანური რესურსის ოპიტიმიზაცია.
ამის ფონზე, სოციალურ ქსელში აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ სტრუქტურული ცვლილელებები უკავშირდება ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას და გარკვეულ თავდასხმებს, რადგან, არხი კრიტიკულ პოზიციას ინარჩუნებს, როგორც ოპოზიციის, ასევე “ქართული ოცნების” მიმართაც.
აღნიშნულს პაატა სალია ჩვენთან საუბრისას კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ რაიმე ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა. ამასთან, როგორც არხის გენერალურმა დირექტორმა გვითხრა, მოსალოდნელი არ არის მასობრივი საკადრო ცვლილებები. მისივე თქმით, დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილება ძირითადად შეეხება სატელევიზიო კონტენტს. პაატა სალიამ ასევე აღნიშნა, რომ არხზე დაემატება გასართობი თუ პოლიტიკური გადაცემებიც.
“ხელისუფლების მხრიდან ნამდვილად არ არის ზეწოლა. საქმე იმაშია, რომ კომპანიაში, მას შემდეგ, რაც მენეჯმენტი შეიცვალა 2019 წლის ივლისში, არსებობდა აუცილებლობა გარკვეული სტრუქტურული ცვლილებების, თუმცა, მთელი ეს პერიოდი აქამდე ძალიან დახუნძლული იყო სხვადასხვა მოვლენებით, ჯერ კომპანიის შიგნით, შემდეგ ზოგადად, ქვეყანაში პოლიტიკური მოვლენებით. არ მოგვეცა შესაძლებლობა გადაგვედგა ის ნაბიჯები, რასაც თავიდანვე ვგეგმავდით, აქ მოსვლის დღიდან.
შევისწავლეთ არსებული სტრუქტურა. ამას დაემატა წლის ბოლოს ისიც, რომ გარკვეული ჯგუფი წავიდა ჩვენგან, – “კომედი” ჯგუფი სხვა არხზე გადავიდა და ამან გამოიწვია ის, რომ სატელევიზიო ბადეში დაგვჭირდა გარკვეული ცვლილებების შეტანა. გარდა ამისა, არის ეკონომიკური ფაქტორები, შემცირებული სარეკლამო ბაზარი, რომელმაც შემოსავლების შემცირება გამოიწვია. ამ გამოწვევების ფონზე, ვმუშაობთ იმაზე, რომ შევქმნათ უკვე ეფექტური სტრუქტურა.
არ იგეგმება თანამშრომლებს მასობრივი გათავისუფლება, განსაკუთრებით ეს არ შეეხებათ ჟურნალისტებს. აქ საუბარია იმაზე, რომ პროცესების ოპტიმიზაცია მოვახდინოთ. ცალსახად საჭიროა სტრუქტურული რეორგანიზაცია და აქედან გამომდინარე, ჩავთალეთ, რომ არის შესაფერისი მომენტი, როდესაც ეს უნდა გავაკეთოთ, მით უფრო, რომ გვჭირდება ბადეში მნიშვნელოვანი ცვლილებები. ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს. ვაპირებთ, რომ გავამრავალფეროვნოთ ჩვენი ბადე, როგორც გასართობი გადაცემებით, ასევე პოლიიტიკური კონტენტით.
ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა რჩება უცვლელი. ამ კუთხითაც არანაირი ცვლილებები არ იგეგმება. ამოცანა არის, რომ არხი გავხადოთ უფრო რეიტინგული. მომავალ წელს ჩვენი ამოცანაა, რომ ნომერ პირველი არხი ვიყოთ სატელევიზიო ბაზარზე საქართველოში.
არანაირი ზეწოლა და თავდახმა არაა. ეს არის სტრუქტურული ცვლილებები, რაც ჩვენ უნდა განვახორციელოთ იმისთვის, რომ არხმა უკეთესი შედეგები დადოს. რეიტინგი გაიზარდოს, შესაბამისად, გაიზარდოს შემოსავალი, დასაქმებული ადამიანების შრომისეფექტურობა, პროცესები სწორად წარიმართოს და გაიზარდოს ისე, რომ შემცირებული დანახარჯით უკეთესი რეზულტანტი მივიღოთ.
ეს არ გულისხმობს ჩვენ მიმართ ზეწოლას, არც არავის მიმართ, რომ ვგეგმავდეთ მასობრივ შემცირებებს, და ა.შ. არის გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები შიგნით განსახორციელებელი, რომელიც ჩვენი აზრით, გამოიწვევს ეფექტურობის ზრდას. ცვლილებებისთვის აუცილებელი არის შესაბამისი ტიპის ბრძანებები და ამიტომაც განხორციელდა ამ ფორმით. ამაზე კომუნიკაცია გვქონდა ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან. ეს არის მუშა პროცესი, კომპანია მშვიდად ხვდება ამ ყველაფერს და პირიქით, მოლოდინი გვაქვს, რომ უკეთესი ცვლილებები იქნება და წელს გაცილებით უკეთესი შედეგი გვექნება, ვიდრე შარშან გვქონდა”, – განაცხადა პაატა სალიამ “მეტრონომთან.”
ავტორი: თამარ შუკვანი