შიდა და გარე მობილობის წესები, უახლოეს მომავალში, შეიცვლება. თუ თქვენ ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეთ, მაგრამ სწავლის დაწყების შემდეგ მიხვდით, რომ არასწორი არჩევანი გააკეთეთ და ფაკულტეტის, უნივერსიტეტისა და პროფესიის შეცვლა გადაწყვიტეთ, ამისათვის, შესაძლოა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ხელახლა გასვლა მოგიწიოთ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი თქვენს მიერ პირველად არჩეულ სპეციალობაზე მისაღებ გამოცდაზე სხვა საგნები ბარდებოდა სავალდებულო წესით, ხოლო ახლად შერჩეულ ფაკულტეტზე-სხვა.
„პირველ კურსზე ვარ და სამი საგანი მაქვს ჩაბარებული – ისტორია, ინგლისური და ქართული. მაინტერესებს, როგორ მოხდება მობილობა სხვა უნივერსიტეტსა და სხვა ფაკულტეტზე, რომელზეც მათემატიკა და ქიმია ბარდებოდა?– EDU.ARIS.GE-ს გვერდზე შემოსული ამ კითხვის ავტორი ერთ-ერთი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტი სალომე ესაიაშვილია. სწავლის პირველ სემესტრშივე მიხვდა, რომ ჩაბარებისას შეცდომა დაუშვა და ახლა შიდა, ან გარე მობილობით სარგებლობა და ილიას უნივერსიტეტის, ან თსუ-ს ქიმიის ფაკულტეტზე გადასვლა უნდა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე მოსახვედრად სავალდებულო საგანი ისტორია იყო, ხოლო ქიმიის ფაკულტეტზე მათემატიკა ბარდება, სალომეს აინტერესებს აქვს თუ არა შანსი პროფესიის ამგვარი შეცვლის და რა იქნება ამისთვის საჭირო.
კითხვაზე პასუხის მისაღებად განათლების სამინისტროს ცხელ ხაზს მივმართეთ, როგორც სტუდენტმა. მათგან განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ორიოდე გადამისამართების შემდეგ მეტად საინტერესო პასუხი მივიღეთ. როგორც აღმოჩნდა, სულ მალე მობილობასთან დაკავშირებით სერიოზულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ. კერძოდ კი იმას, რომ ზაფხულიდან ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის შესაცვლელად სტუდენტებს დამატებითი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. გამოცდა კი იმ საგანში იქნება, რომელიც შერჩეულ ფაკულტეტზე მისაღებად ეროვნულ გამოცდებზე სავალდებულო წესით ბარდება.
როგორც მართვის სისტემის თანამშრომელმა განაცხადა, ცვლილება, ჯერ-ჯერობით, ოფიციალურად განხორციელებული არ არის, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.
წყარო: edu.aris.ge