პარლამენტში პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მისნისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ.
გომელაურამა აღნიშნულ სხდომაზე განაცხადა, რომ პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, სამინისტრო აგრძელებს ეფექტიან მუშაობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ამასთან, მინისტრის განმარტებით, 2020 წელი რთული წელი იყო, ქვეყანა დღემდე ებრძვის პანდემიას და ამ პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტრო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.
„პარალელურად, სამინისტროს თანამშრომლები კრიმინალთან ბრძოლას, ისევე, როგორც მოქალაქეთათვის აუცილებელი სერვისების მიწოდებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, სამინისტრო აგრძელებს ეფექტიან მუშაობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა გომელაურმა.
საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრმა ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაული 12%-ით შემცირდა.
მისივე განცხადებით, სამინისტროს მიერ კრიმინალის წინააღმდეგ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია და კონკრეტულ ციფრები რეგისტრირებული დანაშაულის შესახებ სამინისტროს ვებგვერდზე ყოველთვიურად ქვეყნდება.
„ქვეყანაში სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაული შემცირდა 12 პროცენტით. შემცირდა ისეთი კატეგორიის დანაშაულები, როგორიც არის: მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა, ქურდობა, მათ შორის, შემცირებულია ბინების გაქურდვის ფაქტებიც. გაიზარდა კიბერდანაშაული, რაც გლობალური გამოწვევაა და ინტერნეტ რესურსების გაზრდილი გამოყენებით არის განპირობებული. ასევე, მომატებულია ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პოლიციისადმი მიმართვიანობა. ასევე მომატებულია მკვლელობა ცხრა ფაქტით“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მისივე თქმით, რჩება გამოწვევებიც, რომელთა გადასაჭრელადაც სამინისტროში მიმდინარეობს და დაგეგმილია არაერთი რეფორმა.