ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ახალი პოლიტიკური ბერმუდის სამკუთხედი, რომელიც კარასინი-აბაშიძის ფორმატს ჩაძირავს

“ჩვენმა პოლიტიკურმა კლასმა ვერ შვა ისეთი პიროვნება, რომელიც მეტნაკლებად ცნობადი  იქნებოდა გერმანიაში”

შეძლებს გერმანია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულირებას? ეს კითხვა თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და უკვე საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართულ ირაკლი ალასანიას ინიციატივას მოჰყვა. ალასანია მიიჩნევს, რომ საქარველო-გერმანია-რუსეთის დიალოგის ფორმატი უნდა შეიქმნას. საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის დარეგულლირება თავდაცვის ყოფილ მინისტრს მხოლოდ გერმანიის დახმარებით წარმოუდგენია.

გერმანია ყოველთვის საქართველოში საფრანგეთთან ერთად ერთგვარ „სკეპტიკოსს“ ქვეყნებად აღიქმებოდა. წლების განმავლობაში, ეს ქვეყნები საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხრივ პოზიტიური ხედვით არასოდეს გამოირჩეოდნენ. შეიძლება ამ ქვეყნებმა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხში მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ?

„გერმანია არის პარტნიორი, რომელსაც შეუძლია, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დარეგულირების პერსპექტივებზე კონკრეტული მუშაობა. ჩემი აზრით, უნდა არსებობდეს ეს სამკუთხედი  – საქართველო-გერმანია-რუსეთი და შეიქმნას ფორმატი, რომელიც ნელ-ნელა დაიწყებს ყველაზე მწვავე პრობლემური საკითხების გადაწყვეტის გზებზე დიალოგს. თბილისი-ბერლინი-მოსკოვი არის მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გამოყენებული და “თავისუფალი დემოკრატები” ვგეგმავთ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ავამოქმედოთ ეს სივრცე”, – აცხადებს იდეის ავტორი ირაკლი ალასანიაა.

“მეტრონომი” გერმანიაში დიდი ხნის განმავლობაში მცხოვრებ ქართველ პოლიტოლოგს, კორნელი კაკაჩიას დაუკავშირდა. მისი აზრით, დღეს საქართველოს პოლიტიკაში არ მოიძებნება ისეთი პირი, რომელიც გერმანიასთან შეძლებს ამ საკითხებზე საუბარს და ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

„ჩვენმა პოლიტიკურმა კლასმა ვერ შვა ისეთი პიროვნება, რომელიც მეტნაკლებად ცნობადი  იქნებოდა გერმანიაში, როგორც პოლიტიკოსი, თორემ ჩვენ გვყავს მუსიკოსები, მწერლები, პოეტები, რომელთაც გერმანიაში დიდ პატივის სცემენ. ეს პოლიტიკური პარტიების ბრალია, რადგან მათ ვერ მოახერხებს ჩამოეყალიბებინათ ახლო ურთიერთობა გერმანულ პოლიტიკურ პარტიებთან“. – აცხადებს კაკაჩია.

წინა ხელისუფლების პირობებში სააკაშვილსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკერს შორის ურთიერთობები არ იყო საუკეთესო და სწორედ ამას მიიჩნევს  გერმანია-საქართველოს შორის ურთიერთობის გაციების ერთ-ერთ მიზეზად პოლიტოლოგი.

„გერმანიის ხელისუფლება უფრო კომფორტულად გრძნობს თავს საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებასთან, ვიდრე წინა ხელისუფლებასთან, რადგან რიტორიკა რუსეთთან დაკავშირებით უფრო ნაკლებად ისმის, რაც გერმანიისთვის უფრო მისაღებია, ვიდრე სააკაშვილის, რომელიც უფრო მკაცრად აყენებდა ნატოში გაწევრიანების საკითხს, ხანდახან სამხედრო ძალითაც იმუქრებოდა“. – აცხადებს პოლიტოლოგი.

„ქართული ოცნების“ წევრს, გუგული მაღრაძეს ეს ინიციატივა გაუგებრად მიაჩნია.

„ჩვენ უნდა ვიმუშაოთ გერმანიასთან იმისთვის, რომ გერმანიამ შემდეგ თავისი ურთიერთობები გამოიყენოს რუსეთთან, რაც საბოლოოდ უნდა აისახოს რუსეთის მხრიდან  საქართველოს მიმართ საშიშროების შერბილებაში“. – ამბობს „მეტრონომთან“ უმრავლესობის დეპუტატი მაღრაძე.

წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად მოღვაწე „თავისუფალი დემოკრატების“ ეს ინიციატივა ბევრ კითხვას ბადებს. რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის მოგვარება ამომრჩეველთა ხმების მისაღებად გაჟღერებული ინიციატივაა, თუ ალასანიას მართლა  სჯერა, რომ რუსეთთან ურთიერთობებს გერმანიის გავლით მოვაგვარებთ.

„როცა ჯერ კიდევ „თავისუფალი დემოკრატების“ რიგებში ლევან იზორია იყო, რომელსაც გარკვეული კავშირები ჰქონდათ  გერმანიასთან, მათ ეს შეხედულება დიდი ხანია ჩამოყალიბები ჰქონდათ. უბრალოდ,“თავისუფალმა დემოკრატებმა“ ადრე ამის კაპიტალიზება ვერ მოახდინეს. ალასანიას მისი  თავდაცვის მინიტრობის პერიოდში შესაძლოა ჰქონდა გერმანიასთან გარკვეული ურთიერთობა, მაგრამ თვითონ პარტიამ ვერ მოახერხა თავისი მოაზრე ლიბერალურ პარტიებთან ურთიერთობის დამყარება გერმანიაში“ – ამბობს კაკაჩია.

2012 წლიდან მას შემდეგ რაც შეიქმნა ე.წ აბაშიძე-კარასინის ფორმატი, რუსეთ-საქართველოს წარმომადგენლები ოფიციალურად ხვდებიან ერთმანეთს. შეხვედრებზე ძირითადად „ჰუმანიტარული საკითხები“ განიხილება. თუმცა „მეტრონომთან“ საუბარში ალასანიას პარტიის წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ აბაშიძე-კარასინთან გარკვეულ პოლიტიკურ საკითხებსაც განიხილავს. საინტერესო ის არის, რომ იქნებ ამ ინიციტივით, თბილისი-ბერლინი-მოსკოვის სახით, ალასანია, კარასინი-აბაშიძის ფორმატის ალტერნატივას გვთავაზობს.

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....