სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ხმებს თუ დავიჯერებთ, გიორგი გახარია ახალ პარტიას ქმნის, ხოლო კახი კალაძე სულ მალე „ქართულ ოცნებას“ დატოვებს და ისიც ცალკე პარტიას დააფუძნებს.
ასე რომ, თუ ამ ხმებს სარწმუნოდ მივიჩნევთ, ქართული პოლიტიკური პარტიების საკმაოდ გრძელ სიას ორი ახალი პარტია დაემატება.
მართალია, კახი კალაძე ამ ხმებს ჭორსა და სიცრუეს ეძახის და დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ არც „ქართული ოცნებიდან“ არ აპირებს წასვლას და არც პოლიტიკური ორგანიზაციის დაარსება აქვს განზრახული, თუმცა ამ დროს არ შეიძლება არ გაგახსენდეს ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია, რომელიც კალაძეზე უფრო მეტი კატეგორიულობით ამტკიცებდა, რომ არსადაც არ მიდიოდა, მაგრამ წავიდა და წავიდა ისე მოულოდნელად, რომ მის თაყვანისმცემელთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი არმია ისეთ შოკში ჩააგდო, საიდანაც დღემდე ვერ გამოსულან.
ამ განზრახვაში, ცხადია, ცუდი არაფერია, თუ თავად გახარია მოისურვებს პოლიტიკაში დაბრუნებას და იმ პოტენციალის და რესურსის ბოლომდე დახარჯვას და გამოყენებას, რომელიც მას ნამდვილად აქვს.
გახარია, უდავოდ, ნიჭიერი პოლიტიკოსია და დასანანი იქნება, თუ ქართულ პოლიტიკას ასეთი პერსპერტიკული და გამოცდილი პოლიტიკოსი გამოაკლდება.
რაც შეეხება კახი კალაძეს, ხმები მისი „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შესახებ მოცემულ მომენტში, ვფიქრობ, რეალობას არ შეესაბამება, თუმცა მომავალში არაფერია გამორიცხული.
კახი კალაძე ნიჭიერი კაცი გამოდგა და თავისი ენერგიულობით, ქარიზმით, გამჭრიახობით დროის მცირე მონაკვეთში შეძლო იმ სკეპტიკოსთა ეჭვების გაფანტვა, რომლებიც მის შემოსვლას პოლიტიკაში ორჭოფულად უყურებდნენ.
ის გამოკვეთილი ლიდერია და ყველა თვისება აქვს იმისთვის, რომ საინტერესო პოლიტიკური ორგანიზაცია შექმნას და თანამოაზრეთა სერიოზული გუნდი შემოიკრიბოს. „ქართულმა ოცნებამ“ ამ ცხრა წლის განმავლობაში თავის რიგებში რამდენიმე პერსპექტიული პოლიტიკური ფიგურა გამოკვეთა.
როცა გუნდში რამდენიმე თანაბარი ძალის და შესაძლებლობების ლიდერი იყრის თავს, ეს ყოველთვის იწვევს ჯანსაღ შიდა კონკურენციას და იმის სურვილს ამ ფიგურების მხრიდან, რომ მათ ძალები დამოუკიდებლად მოსინჯონ.
ასე რომ, ვერავითარ ტრაგედიას ვერ ვხედავ იმაში, რომ დროთა განმავლობაში „ქართული ოცნების“ ბაზაზე შეიძლება რამდენიმე ახალი პარტია გაჩნდეს საინტერესო ლიდერებით და საინტერესო იდეებით.
თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებს ჰგონიათ, რომ ამით „ქართული ოცნება“ დაიშლება და გამოთავისუფლებულ სივრცეს ისინი დაიკავებენ, ძალიან ღრმად ცდებიან.
ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ ამით კი არ დასუსტდება, კიდევ უფრო გაძლიერდება და მისი მოქმედებები მეტ პრინციპულობას, მიზანდასახულობას და მოტივაციას შეიძენს. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ მას არ ჰყავს ღირსეული პოლიტიკური კონკურენტი, რაც მის განვითარებას წლებია აფერხებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ კონკურენტად და ოპონენტად ვერ ჩაითვლება, რადგან ის, რასაც „ნაცმოძრაობა“ აკეთებს, შორს დგას პოლიტიკისგან _ ეს უფრო ავანტურა და პროვოკაციაზე აგებული ქმედებებია, რომელიც, მათი იდეოლოგიური წინაპრების, ბოლშევიკების სიტყვებით რომ ვთქვათ, ქვეყნის წინაღმდეგ მიმართულ მავნებლობასა და ძირგამომთხრელ საქმიანობაში გადადის.
დავუშვათ, მართლაც რომ შექმნან პოლიტიკური პარტიები გიორგი გახარიამ და კახი კალაძემ, ეს იქნება ძალიან სასარგებლო და უაღრესად კარგი საქმე ქართული პოლიტიკისთვის. თუ ეს მოხდება, აი, მაშინ კი ნამდვილად დამთავრდება ნაციონალების და მათი სატელიტების ბოგინი ქართულ პოლიტიკაში, პოლიტიკური ველი კი, რომელიც დიდი ხანია ნაგავსაყრელად იქცა, ოცდაათი წლის განმავლობაში დახვავებული ნაგვისა და ბალასტისგან გაიწმინდება.