ახალი ამბები მთავარი სამართალი

დიდ დიღომში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

პოლიციამ თბილისში, დიდ დიღომში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1984 წელს დაბადებული ზ.ს. განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, წარსულში არსებული უთანხმოების გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ორი პირი – 2001 წელს დაბადებული შ.ქ. და 1988 წელს დაბადებული თ.გ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა.

მიყენებული ჭრილობების შედეგად შ.ქ. ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, თ.გ. კი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მკურნალობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....