მე-4 მექანიზებული ბრიგადის ერთ-ერთი მოსამსახურის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
გარდაცვლილი ჯარისკაცის ძმა ამბობს, რომ მომხდარი გოგონასთან პირად ურთიერთობას უკავშირდება.
„როგორც ვიცით ეს უბედური შემთხვევა მეგობარ გოგოსთან დაკავშირებით მოხდა, [ჯარში] ანერვიულების ფაქტის არანაირი შემთხვევა არ ყოფილა, პირიქით ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბიჭებთანაც, სერჟანტებთანაც, ოფიცრებთანაც“, – განაცხადა გარდაცვლილი სამხედროს ძმამ.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე წლის 3 მარტს, მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ, I კლასის რიგითმა ჯ.ძ.-მ განწესში მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით, თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.