თავდაცვის სამინისტროს განცხადებით მე-4 მექანიზებული ბრიგადის ერთ-ერთმა მოსამსახურემ თავი მოიკლა. მან გასროლა საკუთარი ავტომატიდან მორიგეობის დროს განახორციელა.
ჯარისკაცი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
“მიმდინარე წლის 3 მარტს, მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ, I კლასის რიგითმა ჯ.ძ.-მ განწესში მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით, თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა. სამხედრო მოსამსახურე დაუყონებლივ გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო მომსახურების აღმოჩენის მიზნით, თუმცა სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდართან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მიერ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიების პირველადი ინფორმაციით მომხდარი შემთხვევა სავარაუდოდ ოჯახურ პრობლემებს უკავშირდება.
თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ტრაგიკული ფაქტის გამო დაუსამძიმრებს მის ოჯახს”,- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.