საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. – აღნიშნული განცხადების მიხედვით, 3 მარტს, სამხედრო მოსამსახურემ თვითმკვლელობის მიზნით საკუთარი იარაღიდან გაისროლა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ჯარისკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
,,მიმდინარე წლის 3 მარტს, მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ, I კლასის რიგითმა ჯ.ძ.-მ განწესში მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით, თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა. სამხედრო მოსამსახურე დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო მომსახურების აღმოჩენის მიზნით, თუმცა სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდართან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მიერ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიების პირველადი ინფორმაციით მომხდარი შემთხვევა, სავარაუდოდ, ოჯახურ პრობლემებს უკავშირდება.
თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ტრაგიკული ფაქტის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს”,- აღნიშნულია განცხადებაში.