ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თქვენ ზევითა ხართ, მე ქვევით, როგორ აგიმღვრევთ წყალსაო? – ვის უნდა ვუჩივლოთ? ოღონდ რაიმე მოგვცენ, ასეთ სიტუაციაში ვართ” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ჯანდაცვის მინისტრის იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმას უჩივლოს.

იმნაძემ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, რომ შეგვექმნა სიტუაცია, ვაქცინა სხვა გზებითაც უნდა ვეძებოთ და „დიდი ხანია მუშაობა მიდის“. მისივე თქმით, შეიძლებოდა ჩინური ვაქცინა ქვეყანაში გაცილებით ადრე ყოფილიყო შემოსული, თუმცა ჯერ „ჯანმოს“ რეკომენდაცია არ მიუღია.

,,დაახლოებით ასე: „თქვენ ზევითა ხართ, მე ქვევით, როგორ აგიმღვრევთ წყალსაო?“ – ვის უნდა ვუჩივლოთ? ოღონდ რაიმე მოგვცენ, ასეთ სიტუაციაში ვართ.

3 თებერვალს თვითონ გამოაქვეყნა სია „კოვაქსის პლატფორმამ“ ყველა ქვეყნისა, ვის როდის უნდა მიეღო ვაქცინა. იყო პრეცენდენტი, როდესაც ბალკანეთის რამდენიმე ქვეყანამ ოფიციალურად უჩივლა, თუმცა შედეგი ჯერ-ჯერობით ისეთივეა როგორც ჩვენთან. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, იყო სხვა მოლაპარაკებებიც.

მხოლოდ „კოვაქსის პლატფორმის“ 1.4 მილიონი დოზა, რომელიც კონტრაქტით წლის განმავლობაში უნდა მოგვაწოდონ არ იქნებოდა საკმარისი. გარდა ადრე გადახდილისა გადავრიცხეთ დამატებითი გადასახადიც, მაგრამ სხვა მწარმოებლებიც არიან, რომლებიც ჯერ არ არიან კოვაქსის პლატფორმაზე. კოვაქსის პლატფორმაზე რომ განთავსდეს ვაქცინა, მან უნდა მიიღოს ჯანმოს აღიარება, ეს არის იგივე ჩინური ვაქცინები, რომლითაც ჩილეს 17% იცრება.

ასევე, ძალიან მაღალი მოცვა აქვს არაბთა გაერთიანებულ ემირატებს, სადაც ასევე ჩინური ვაქცინით დაიწყეს ვაქცინაცია. შეგვექმნა სიტუაცია, რომ სხვა გზებიც უნდა ვეძებოთ და დიდი ხანია მუშაობა მიდის. შეიძლებოდა ჩინური ვაქცინაც ქვეყანაში გაცილებით ადრე ყოფილიყო შემოსული, თუმცა ჯერ არ მიუღიათ ჯანმოს რეკომენდაცია. ვაქცინის შემოტანის ერთ-ერთი პირობაა, რომ საჭიროა ჯანმოს აღიარება“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ

იტვირთბა....