“ნუ ვეძებთ შავ კატას შავ და ბნელ ოთახში, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დარბევას მმართველ პარტიასთან, პრემიერ-მინისტრთან და ა.შ. არავითარი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს,” – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ ოფსის დარბევასთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებებს.
ქადაგიშვილის განმარტებით, მსგავსი რამ არ შეიძლება მმართველი გუნდის ინტერესებში იყოს, რადგან ოპოზიციის სპეკულაციის საგანი ხდება.
„ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ოფისზე რაიმე სახის თავდასხმა აბსოლუტურად მიუღებელია და იმავე საღამოს, როცა ეს ფაქტი მოხდა, პოლიციამ შესაბამისი ღონისძიებები გაატარა. თავდამსხმელები დაკავებულნი არიან, გამოძიება მიმდინარეობს და დამნაშავეები დაისჯებიან. „ქართული ოცნების“, მმართველი პარტიის და სახელმწიფოს ინტერესებში არანაირად არ არის რომელიმე პარტიის ოფისის დარბევა, ეს ხომ კონტრპროდუქტიულია მმართველი პარტიისთვის და ე.წ. რადიკალური ოპოზიციისთვის სპეკულაციის საგანი ხდება. ამიტომ მოდით რა, ნუ ვეძებთ შავ კატას შავ და ბნელ ოთახში, არავითარი კავშირი ამას მმართველ პარტიასთან, პრემიერ- მინისტრთან და ა.შ. არ შეიძლება ჰქონდეს,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების ფაქტზე 1994 წელს დაბადებული თ.მ. 1994 წელს დაბადებული გ.კ., 1996 წელს დაბადებული გ.ბ. და 1996 წელს დაბადებული თ.ა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავა.