ჯანდაცვის ექსპერტი, „ლელოს“ წევრი ვატო სურგულაძე ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის პროცესის გადადებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლრბას აკისრებს და აცხადებს, რომ “კოვაქსზე” გადაბრალება არასერიოზულია.
როგორც ვატო სურგულაძე “ინტერპრესნიუსთან” აცხადებს, მომხდარზე პასუხი ვიღაცამ უნდა აგოს.
„არ იმუშავეს, არ იყო ის მოწოდება და მუშაობის ტემპი, სურვილი და პოლიტიკური ნება, რომ ეს გაგვეკეთებინა. არ ვიცი ეს რატომ ხდება, არ მინდა შეთქმულების თეორიები, მაგრამ ფაქტია, არ ვიმუშავეთ. ამაზე ვიღაცამ უნდა აგოს პასუხი. მარტო „კოვაქსზე“ ჩამოკიდება და გადაბრალება, ჩემი აზრით, არასერიოზულია.
იქ უნდა ვისხდეთ – ეს არის ბრიუსელი, ლონდონი, შეერთებული შტატები თუ ინდოეთი. უკრაინამ 12 მლნ დოზა შეიძინა, ჩვენ სულ 3 მლნ-ზე მეტი გვჭირდება, რომ უსაფრთხოდ ვიყოთ და რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ ცხოვრების სტილს“,- აცხადებს სურგულაძე.
შეგახსენებთ, ქვეყანაში “ფაიზერის” პირველ დოზას თებერვლის ბოლოს ელოდებოდნენ, თუმცა ვაქცინის შემოტანის პროცესი გადაიდო.
ვაქცინის შემოტანის დაგვიანების საკითხს გამოეხმაურნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პირები და ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი. როგორც მათ განაცხადეს, საქართველოში ხარისხიან ვაქცინაციას ელოდებიან, რაზეც მოთხოვნა დიდია, დაგვიანებაც სწორედ ამას უკავშირდება. ხოლო, ქვეყნებმა, რომლებმაც ვაქცონაცია უკვე დაიწყეს, მათ ძირითადად ჩინური და რუსული ვაქცინები აქვთ.