ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მკვდარი ან ნაცემი თუ მნახეთ მიხვდებით, ვისგანაც მოდის…” – დაპირისპირება არჩილ გამზარდიასა და ანდრია ჯაღმაიძეს შორის

ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია სოციალური ქსელის საშუალებით ვრცელ მიმართვას ავრცელებს.

გამზარდია გავრცელებულ მიმართვაში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან, დეკანოზ, ანდრია ჯაღმაიძესთან მომხადრი დაპირისპირების შესახებ საუბრობს, რომელასაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ.

“მოკლედ, დეკანოზი ჯაღმაიძე, ხალხს რაზმავს ჩემს წინააღმდეგ და ამ დღეებში ან მკვდარი თუ მნახეთ ან ნაცემი და გონდაკარგული, მიხვდებით, ვისგანაც მოდის.

ცოტა ხნის წინ ძალიან მძიმე საუბარი მქონდა დეკანოზ ჯაღმაიძესთან, პრაქტიკულად 90-იანი წლები გამახსენდა პათოსით. ამ საუბრის მერე კიდევ უფრო განრისხდა, რადგან რაც სტატიაში არ მეწერა, ისიც კი ცხადად ვუთხარი, რას ვფიქრობდი მასზე.

იმედია, ეყოფა გონიერება და არ შეეცდება ჩემთვის და ჩემი ახლობლებისთვის საფრთხის შექმნას, მაგრამ თუ რამეა, იცოდეთ მაინც. მსგავსი პირებისგან ყველაფერია შესაძლებელი.

ჰო… მოითხოვა ჯერ მას და მოსაყდრე შიოს შევხვედრილიყავი და სახელები და გვარები დამესახელებინა მათი, რა შემთხვევებზეც ვლაპარაკობ სტატიაში, თუმცა, მიიღო შესაბამისი პასუხი. შემდეგ მოითხოვა ეთერში მოვალ და ვისაუბროთო, მე დავთანხმდი, მაგრამ შემდეგ რაღაც ხელოვნური შარის მოდებით გადაიფიქრა და უარი თქვა.

სხვათა შორის, არ გაუპროტესტებია ის, რომ ძალაუფლების უზურპაციაში დავადანაშაულე, არც სასულიეროპირების დევნაზე უთქვამს რამე. მხოლოდ დამიზუსტა, რომ რადგან ტელევიზია თბილისში მდებარეობს, რომელი ეპარქიის სასულიერო პირიც გინდა იყოს, მას და მიტროპოლიტ შიოს უნდა შეუთანხმდეს მოსვლაზე.

მსგავსი მიდგომა მე მახსოვს კრიმინალური ცხოვრების შესახებ ფილმებიდან, პერსონაჟი მაფიოზები რომ ამბობენ, ეს ქუჩა ჩვენია, აქ მაღაზიას უჩვენოდ ვერ დადგამო და მსგავსი. ანუ, ტერიტორიულად ჩვენია თბილისიო, ასე ამიხსნა დეკანოზმა ჯაღმაიძემ. რატომაა თბილისი მათი – ცოტა უცნაურია, მეტიც, ეპარქიულადაც კი არ ეკუთვნით მათ.

მოკლედ, მძიმე საუბრის შემდეგ, მითუმეტეს რომ ჩემთან მძიმე წინააღმდეგობას გადააწყდა და კიდევ უფრო დაზუსტებით გავუმეორე ის ყველაფერი, რასაც ვფიქრობდი და რატომაც ვფიქრობდი, მას თურმე სტატუსი დაუდია და რაზმავს ჩემს წინააღმდეგ თავიანთ ამფსონებს (მე დაბლოკილი ვყავარ, მღვდელს, სასულიერო პირი რომ ჰქვია, იმას ვყავარ დაბლოკილი, შესაბამისად, არც ისაა გამორიცხული რაიმე მავნებლობა მოინდომონ პირადად ჩემს მიმართ.

მე მოვუწოდებ მოსაყდრეს და მის პრესცენტრს, რომ პატრიარქის წინააღმდეგ უმძიმებს პროცესებს თავი დაანებონ, ლამის ყველა მიმართულებით, ასევე სახელისუფლებო შტოებში ჩუმ-ჩუმად პატრიარქის წინააღმდეგ გარკვეულ ზრახვებს, ამაზე არ დამიწერია და ასე მარტივად არც დავწერ, რადგან როცა რამეს ვამბობ, ბოლომდე უნდა ვიყო დარწმუნებული ნათქვამში, ამ ეტაპზე მხოლოდ ფრთხილი რჩევით შემოვიფარგლები. ასევე მოვუწოდებ სინოდის წევრების წინააღმდეგ მოქმედებას თავი დაანებონ, თან პატრიარქის სახელით, თითქოს ამის უფლება პატრიარქისგან მიიღეს, რომ აიძლონ სინოდის წევრები შიო უკვე პატრიარქად აღიარონ და სინოდის წევრთა მაკურთხევლად მიიღონ.

არის ძალიან ბევრი მძიმე სურათი, რაც დღეს იკვეთება პატრიარქის გარშემო მისივე მოსაყდრის და მისი ჯგუფის მხრიდან ძალიან ბევრი მიმართულებით.

ვთხოვდი მათ შეინანიონ, ჯაღმაიძემ ჩემგანაც უნდა ითხოვოს შენდობა და ბევრი სხვა ადამიანისგან, შემდეგ კი დაიწყონ ისე ცხოვრება, როგორც ქრისტეს სამოსის მქონე პირებს ეკადრებათ.

და ბოლოს… ეყოთ გონიერება რომ დაანებონ სიძულვილის თესვას, ჩემს წინააღმდეგ ზოგიერთი პირის დამუშავებას და ჩემთვის ძვირფას ადამიანებს არაფერი დაუშავონ, თორემ ძალიან მძიმედ მოუტრიალდებათ მსგავსი ზრახვა.

მე მიყვარს ის რელიგია, რომელსაც ვატარებ, მიყვარს ეკლესია, რომლის ნაწილადაც საკუთარ თავს ვხედავ, მაგრამ ვერავის მივცემ უფლებას დააზიანოს ის, მითუმეტეს შიდა ვერაგი მტრისგან, ბევრი ძალა არ მაქვს, მაგრამ რაც მაქვს, იმას არ დავიშურებ რომ ვემსახურო იმას, რაც ჭეშმარიტად მიმაჩნია.” – წერს გამზარდია.

იტვირთბა....