“ევროსაბჭოს პრეზიდენტის გზავნილი იყო, რომ პოლიტიკურ სპექტრს შორის შეთანხმება უნდა მოხდეს,” – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ “ღამის კურიერში” საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, გარდა მათი წინადადებებისა, შეიძლება იყოს ალტერნატიული შეთავაზებები ევროკავშირის მხრიდან.
“ქართულ ოცნებას” რაღაც არ უნდა, ან ოპოზიციას რაღაც არ უნდა, მხოლოდ ასე არ დგას საკითხი, მე ოპოზიციაზეც ვამბობ და ხელისუფლებაზეც. საკითხი დგას, რომ გარდა ჩვენი წინადადებებისა ამ 6 პუნქტთან დაკავშირებით, შეიძლება იყოს ალტერნატიული შეთავაზებები ევროკავშირის მხრიდან, ეს არის განსხვავება ამ ფორმატში.
პირდაპირ გეტყვით, ძალიან მკაფიო იყო გზავნილი – ის, რომ ახლა არ ვთანხმდებით და არაფერი არ მინდა, ასე არ იქნება, განსაკუთრებით ეს გზავნილი იყო “ქართულ ოცნებასთან” მიმართებაში. ამიტომ, ახლა ზედმეტი განცხადებები – ეს წითელი ხაზია, ის შავი ხაზია და ა.შ. მე მგონი ეს არის აბსურდი და არასერიოზული… როცა ევროკავშირის პირველი პირი 27 ქვეყნის სახელით ამბობს, რომ წითელ ხაზებზე და ასეთ დაძაბულ გზავნილებზე ნუ იქნება საუბარი, შენ მაინც წითელი, შავი, თუ სხვა ფერის ხაზებით საუბრობ, ეს არასწორია. ეს ვერ გამოვა და ეს ევროპასთან ვერ დაგვაახლოებს,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ