“შარლ მიშელმა ორი კვირის ვადა პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიებს კი არ მოგვცა, ეს რეალურად ქვეყნისთვის მიცემული შესაძლებლობაა,” – ამის შესახებ “მოქალაქეების” წევრმა, ლევან იოსელიანმა „პალიტრანისუსის“ ეთერში გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისივე განმარტებით, კარგი იქნება თუ ოპოზიცია ტაქტიკას შეცვლის და აქციები უფრო კორექტულად წარიმართება.
“მივესალმები ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც მუხტის დაწევასთან და დეესკალაციასთან არის დაკავშირებული. თუ ოპოზიციამ შეცვალა ტაქტიკა და აქციები უფრო კორექტულად წარიმართება, ნაკლებად იქნება გაწევ – გამოწევებისა და ჯაჯგურის ფონზე, ეს მხოლოდ კარგი იქნება. შარლ მიშელმა გუშინ რა უთხრა ორივე მხარეს, რომ შეეშვით ასეთ რიტორიკას, დაწიეთ ტემპერატურა, შეეშვით მუშტების ბრახუნს, დასხედით და დაილაპარაკეთ. როგორ უნდა დაილაპარაკო თუ ყოველდღე გამიშვი – გამატარეა, მაშინ შეუძლებელია ლაპარაკი. ეს დღის წესრიგი უნდა მოიხსნას რაღაცნაირად და სხვანაირ ფორმატში გადავიდეს ეს ყველაფერი.
ორი კვირის ვადა პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიებს კი არ მოგვცა, ეს რეალურად ქვეყნისთვის მიცემული შესაძლებლობაა, როდესაც მოხდება განაცხადის გაკეთება ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ამისთვის პოლიტიკური კონსენსუსი არსებობდეს და კრიზისი იყოს დაძლეული. რეალურად, ჩვენი ქვეყნის ინტერესების შესაბამისი ვადა მოგვცა და წინადადება დააყენა“, – განაცხადა იოსელიანმა.