ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნუ არის სულ ქილიკი, ლანძღვა და საყვედური ამაზე, თითქოს ვინმეს ბრალი იყოს, რომ ვაქცინამ დაიგვიანა” – თენგიზ ცერცვაძე

“ეს არის სიტუაციის ბრალი და იმის ბრალი, რომ ვაქცინების დიდი დეფიციტია ბაზარზე, მაგრამ საქართველო მიიღებს ვაქცინებს,” – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველო ისეთივე წარმატებული იქნება ვაქცინაციაში, როგორც ზოგადად, კოვიდის მართვაში.

„ასე რომ, ვიყოთ სამართლიანები. ნუ არის სულ ქილიკი, ლანძღვა, ნიშნის მოგება იმაზე, თუ რატომ დაიგვიანა ორი-სამი კვირით ვაქცინამ. იმ ქვეყნებში, რომლებსაც გვახარბებენ – რუანდა, განა და ა.შ. იმ ქვეყნების მიმართ მსოფლიოს დამოკიდებულება სხვაა, მათ შორის „კოვაქსის“ და გაერო-სი. იქ აგზავნიან ჰუმანიტარულ დახმარებას, სასმელ წყალს, აგზავნიან ორცხობილებს. გასაგებია, მათ ასე უდგებიან იმიტომ, რომ იქ შიმშილია, ძალიან ღარიბი ქვეყნები არიან და „კოვაქსს“ თავისი წესები და კანონები აქვს. ამ წესებით და კანონებით ასეა და ჩვენ ხომ არ შევაცვლევინებთ რეგულაციებს.

ამიტომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია და დამიჯერეთ, აკეთებს ჩვენი ხელმძღვანელობა, სამინისტროც, მთავრობაც და უსამართლობა, ტენდენციურობა, ქილიკი, ლანძღვა და საყვედური ამაზე, თითქოს ვინმეს ბრალი იყოს, რომ ვაქცინამ დაიგვიანა. ეს არის სიტუაციის ბრალი და იმის ბრალი, რომ ვაქცინების დიდი დეფიციტია ბაზარზე, მაგრამ საქართველო მიიღებს ვაქცინებს. დაიჯერეთ, შეიძლება მცირედი დაგვიანებით, მაგრამ მიიღებს და სამაგიეროდ, ჩვენ მივიღებთ გამართულად, ეტაპობრივად და საკმარისი რაოდენობით. როდესაც გამოდიან ნიშნის მოგებით ჩვენი ოპონენტები და სამწუხაროდ, სიხარულით ამბობენ, რომ საქართველო ვერ შეასრულებს ვაქცინაციის წლის გეგმას, დამთავრდება ეს წელი, შევხვდებით ერთმანეთს და ვნახავთ, ჩვენ შევასრულებთ ვაქცინაციის წლიურ გეგმას და შევასრულებთ წარმატებით, როგორც დღემდე, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია კოვიდის მართვაში ზოგადად, ასეთივე წარმატებული ვიქნებით ვაქცინაციაში. მე ასე ვთვლი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

იტვირთბა....