aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ტიკარაძე „კოვაქსის“ წინააღმდეგ – აქვს თუ არა საქართველოს ამ სარჩელის მოგების შანსი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველომ, არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო, შესაძლოა „კოვაქს”-პლატფორმას საერთაშორისო სასამართლოში უჩივლოს. იურისტ ლია მუხაშავრიას განცხადებით, ასეთი გადაწყვეტილება კონტრპროდუქტიული იქნება, რადგანაც ამ სამართლებრივ დავას დიდი ალბათობით წააგებს.

საქმე ეხება სააგენტო „აი-პი-ენის” მიერ გავრცელებულ „კოვაქსის” ოფიციალურ კომენტარს, რომლის მიხედვითაც საქართველომ ვაქცინები შეთანხმებულ ვადებში იმის გამო ვერ მიიღო, რომ შესაბამის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა.

ტიკარაძემ „რუსთავი 2″-თან საუბარში განაცხადა, რომ ეს ტყუილია. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას გასული წლის 18 სექტემბრიდან მუდმივი კომუნიკაცია აქვს „კოვაქსთან” აქამდე მათგან არცერთხელ არ მიუღიათ შეტყობინება, რომ საქართველომ რაიმე გადაცდომა ან შეცდომა დაუშვა.

„კოვაქს პლატფორმა ერთელ უკვე მოხვდა მსგავს გაუგებრობაში, კერძოდ, ბოსნიასთან დაკავშირებით, რის გამოც ბოსნიამ უჩივლა კოვაქს პლატფორმას. ჩვენ ამ ეტაპზე ჯერ ველოდებით განმარტებებს იმის თაობაზე, რომ მათ უარყონ ეს ბრალდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ, ვინაიდან მსგავსი რამ ნამდვილად არ ყოფილა. შემდეგ გავაგრძელებთ საჭირო კომუნიკაციებს.

„იქიდან გამომდინარე, რომ აქ საუბარია რეპუტაციულ რისკებზეც, მე ამასაც არ გამოვრიცხავ, ვინაიდან ეს ყველაფერი საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური ფონიდან გამომდინარე გამოყენებული არის ჩვენი ოპოზიციური ოპონენტების მხრიდან, რომ მოხდეს პოლიტიკური ესკალაცია და დაძაბულობა და ამას ჯანდაცვის სამინისტრო არ დაუშვებს. ჩვენ არ გავხდებით იმის მიზეზები, რომ პოლიტიკურმა ოპონენტებმა ისარგებლონ პოლიტიკური ბრლადებებით”, – განაცხადა ტიკარაძემ.

იურისტი ლია მუხაშავრია კი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობა „კოვაქსს” დავას ვერ მოუგებს, რადგან ის იურიდიულად სრულიად გამართულია, მასში მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციები არიან ჩართულები და არ დაუშვებდნენ, რომ ისეთი ხარვეზი გაპარულიყო, რომ „საქართველოს მთავრობის პრეტენზიები სამართლიანი და კანონიერი იყოს”.

„დარწმუნებული იყავით, რომ „კოვაქსი”, რომელიც საერთაშორისო პლატფორმაა, იურიდიულად სრულიად გამართულია. როდესაც ვინმესგან რაღაცას ითხოვ, იმას თავისი კრიტერიუმები და მოთხოვნები აქვს, ესაა წინასწარ გაცხადებული. ამიტომ, საქართველოს მთავრობას თუ პირადად ეკატერინე ტიკარაძეს, დარწმუნებული ვარ არანაირი შანსი არ აქვს, რომკ „კოვაქსს” სამართლებრივი დავა მოუგოს.

„ჩვენ გვაინტერესებს, რომ ვაქცინა რაც შეიძლება დროულად მივიღოთ, რათა საქართველოს მოქალაქეები ამ საშინელი ეპიდემიის პირობებში იმუნიზირებულები იყვნენ და თუ უჩივლებს, ეს მისი საქმეა. მაგრამ, დაე, უჩივლოს პირადად მან, როგორც ფიზიკურმა პირმა და არა როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა. იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს რამ გამოიწვია ჩავარდნა და გადავადება.

„მე, როგორც იურისტი, ვამბობ, რომ დავა ალბათ რომელიმე საერთაშორისო არბიტრაჟში, ან სასამართლოში უნდა მოხდეს, რომელიც „კოვაქსის” წესებით იქნება გათვალისწინებული და გარწმუნებთ, რომ არაერთი საერთაშორისო დავა გვაქვს წაგებული და მერე დაწესებულ სანქციებს და დაკისრებულ ჯარიმებს ბიუჯეტიდან ვიხდით. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ისედაც დაგვაზარალეს და ახლა ჩივილს თავი დაანებონ, კეთილი ინებონ და იმ მოთხოვნების შესრულება უზრუნველყონ, რომელიც „კოვაქსს” აქვს. იმიტომ, რომ მსოფლიო პანდემიის პირობებში არ შეიძლება მოსახლეობა ატყუო.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობას დავის მოგების შანსი არ აქვს იმიტომ, რომ „კოვაქსი” შეიქმნა, როგორც საერთაშორისო პლატფორმა და მასში ჩართულია ევროკავშირი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ძალიან მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციები და ისინი თავიდანვე, როცა ამ პლატფორმას ქმნიდნენ, არ დაუშვებდნენ, რომ იქ რაიმე ისეთი ხარვეზი გაპარულიყო, რომ საქართველოს მთავრობის პრეტენზიები სამართლიანი და კანონიერი იყოს. ეს ხომ დადგენილი საერთაშორისო პრაქტიკაა, რომ მომწოდებელი რა კრიტერიუმებს და მოთხოვნებსაც გიყენებს, ის უნდა დააკმაყოფილო და თუ ვერ აკმაყოფილებ, ეგ შენი ბრალია და არა იმისი”, – თქვა მუხაშავრიამ.

კითხვაზე, მაშინ რა გახდა ამ განცხადების საფუძველი, განაცხადა, რომ ეს ტიკარაძის მხრიდან თანამდებობის გადარჩენის მცდელობაა.

„ესაა აშკარად სკანდალი. იმისთვის, რომ სკამს ჩაებღაუჭოს და თანამდებობა გადაირჩინოს, ტიკარაძე ყველაფერზე წავა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ვაქცინაციის უკან ასობით მილიონი დოლარის ღირებულების პრეპარატებია. ეს ჩემი ვარაუდია და ჩემი მოსაზრებაა და ამის გამო თუ უნდა ტიკარაძემ მეც მიჩივლოს.

„ამ ხალხს უნდა, რომ დიდი ფული გააკეთოს. ის თანამდებობიდან არაფრის დიდებით არ წავა, თუ გინდაც მტკიცებულებები დაუდონ და თუ გინდათ ის პროცესი წააგოს, რომლის წამოწყებასაც თურმე აპირებს, მაგრამ, გარწმუნებთ, არ აპირებს.

„საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში საკმარისად კომპეტენტური ადამიანი რომ ვერ მოიძებნა, რომ კომპეტენტურად შეევსოთ ყველა მოთხოვნა და წარედგინათ ყველა მოხოვნილი პარამეტრი, დოკუმენტი თუ მონაცემი, ამაზე დიდი ხანია საუბარია. მე არ მიკვირს, რომ ეს ყველაფერი არაკომპეტენტურობის და უგუნურობის ბრალია და კიდევ იმის, რომ ეს ხალხი ჩვენს ვაქცინაციაზე კი არ ზრუნავს, არამედ იმაზე, რომ რაც შეიძლება ბევრი ფული იოშოვოს. ამ მოლოდინში, გარწმუნებთ, რომ ტიკარაძე არანაირად არ გადადგება. აბა, გვიჩვენოს ერთი საჩივარს სად გააგზავნის. განაცხადი ვერ შეავსეს და ეგ სარჩელის მომგებია?” – განაცხადა მუხაშავრიამ.

იტვირთბა....