ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ყველა დემოკრატიას აქვს აღმასვლა და დაღმასვლა” – ლუკ კოფი

„ჰერიტიჯის ფონდის“ წარმომადგენლის ლუკ კოფის განცხადებით, ყველა დემოკრატიას აქვს აღმასვლა და დაღმასვლა.  მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ დაღმასვლისა და  შეცდომების შემდეგ ამ შეცდომებზე ვისწავლოთ და  გამოსწორება ვცადოთ. ამის შესახებ ლუკ კოფიმ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

ლუკ კოფი ასევე საუბრობს ამერიკის შესაძლო პოლიტიკურ როლზე და აცხადებს, რომ მართალია ამერიკის საელჩოს მიერ არაერთი განცხადება გაკეთდა, თუმცა უფრო აქტიური ჩართულობაა საჭირო. მისი აზრით, საქართველოში არის რეალური პოლიტიკური პრობლემა და ამერიკას ეს ნამდვილად უნდა აშფოთებდეს.

„მე არ ვარ მზად ვთქვა, რომ საქართველო ევროატლანტიკურ გზას აღარ ადგას, ამის არ მჯერა. ვფიქრობ, ყველა დემოკრატიას აქვს აღმასვლა და დაღმასვლა, ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა 6 იანვარს ამერიკაში, ჩვენ გამუდმებით ვსწავლობთ შეცდომებზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ეს შეცდომები ხდება, ვაღიაროთ და ვცადოთ გამოვასწოროთ ისინი. ამის ნახვას ვისურვებდი. საქართველოში განსხვავებული პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შორის უნდა იყოს გულწრფელი დიალოგი იმისათვის, რომ ამ ჩიხიდან გამოსვლა გახდეს შესაძლებელი“, – აღნიშნა მან.

„ვფიქრობ, სამხრეთ კავკასიაში ამერიკის ლიდერობის დროა და ვისურვებდი მენახა, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თვითმფრინავში ჩაჯდეს და წავიდეს თბილისში, გამოიყენოს ის გავლენა, რაც ამერიკის სახელმწიფო მდივანს აქვს იმისთვის, რომ დაეხმაროს ჩვენს მოკავშირეებს, პარტნიორებს, მეგობრებს საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარეს ერთმანეთთან გულწრფელი დიალოგისთვის. ამერიკელები ვერ გადაჭრიან საქართველოს ნაცვლად მის პრობლემებს, მაგრამ შეგვიძლია ჩვენს მეგობარ საქართველოს დავეხმაროთ სიტუაციის გაუმჯობესებაში. ჩემთვის ნათელია, რომ საქართველოს მთავრობას არ სურს ამჟამად რაიმე ტიპის კომპრომისი ან მოლაპარაკება, ან არსებითი დიალოგი ოპოზიციასთან, მაგრამ არსებობს ალბათ იგივე არგუმენტი ოპოზიციის მისამართითაც, რომლის წევრებმაც პარლამენტის ბოიკოტირება გადაწყვიტეს. ორივე მხარე პასუხისმგებელია იმ ჩიხზე, რომლის პირისპირაც ახლა ვართ. ვფიქრობ, ორივე მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები სიტუაციის დე ესკალაციისკენ.  საქართველო ამერიკის საკმაოდ მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარია, ხოლო საქართველოში არის პრობლემა, ამაში საკმარისი ბრალი მიუძღვის ყველა მხარეს. ამერიკას კი ეს პრობლემა უნდა აშფოთებდეს“, – განაცხადა კოფიმ.

შეგახსენებთ, ბოლო დროს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს საერთაშორისო საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

იტვირთბა....