ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ზვიად ქორიძემ კონკრეტული გვარები დაასახელა

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, ზვიად ქორიძე საგამოძიებო უწყებაში გუშინ ღამით, ადვოკატთან ერთად მივიდა. დაკითხვის შემდეგ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან დაასახელა იმ პოლიტიკოსების გვარები, რომლებიც კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით “არაჯანსაღ აქტიურობას” იჩენენ.

“რა თქმა უნდა, კონკრეტული გვარები დავასახელე იმიტომ, რომ გამოძიების დაწყებამ პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაქვს ინტერესი და მოლოდინი, რომ პროკურატურა ბოლომდე მიიყვანს ამ გამოძიებას და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება დეტალები. ვისაუბრე იმ კონკრეტულ ფაქტებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კომისიაში ალეკო ელისაშვილის თავმჯდომარეობის დროს, როდესაც მე კომისიის წევრი ვიყავი და რომელიც ხდება ამ წელიწადნახევრის განმავლობაშიც, რაც შეწყალების კომისიას მე ვხელმძღვანელობ. ზოგი რამ არის კონკრეტული ფაქტებით გამყარებული, ზოგი მოსაზრებებითა და ფაქტების ლოგიკით, რომელზეც გამოძიებამ უნდა იმუშაოს “, – უთხრა ქორიძემ ჟურნალისტებს.

მთავარმა პროკურატურამ ორი დღის წინ სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს, გამოძიება დაიწყო. აღნიშნულის საფუძველი შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადება გახდა, რომ “ქართული ოცნების” ზოგიერთი მაღალჩინოსანი კონკრეტული პატიმრების შეწყალებით არის დაინტერესებული და შეწყალების კომისიის თავმჯდომაროების პერიოდში მასზე ზეწოლას ახდენდნენ.

ამ საქმესთან დაკავშირებით გუშინ პროკურატურაში თავად ალეკო ელისაშვილიც დაკითხეს.

იტვირთბა....