„გირჩის“ წევრ იაგო ხვიჩიას თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების აქციებში მათი მხარდამჭერები მონაწილეობენ და მიაჩნია, რომ ეს აქციები მორალურადაც გამართლებულია. როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, თავად არ აპირებს მონაწილეობას, რადგან, როგორც განმარტავს, არ სურს, ოპოზიციონერ კოლეგებს უხერხულობა შეუქმნას.
„ჩვენი მხარდაჭერები მონაწილეობენ პოლიტიკური დევნის საწინააღმდეგო აქციებში, ნიკა მელიას გამოშვების და პოლიტიკური დევნის შეწყვეტის შესახებ მოთხოვნა მორალურად გამართლებულია. რაც შეეხება პირადად მე მივიღებ თუ არა მონაწილეობას, ამას მნიშვნელობა არ აქვს. პირადად მე არ ვაპირებ მონაწილეობას, არ მინდა, უხერხულობა შევუქმნა ჩემს კოლეგებს, რომლებთანაც ამ წუთას მაინც და მაინც კარგი ურთიერთობა არ მაქვს. თუმცა აქცია მორალურია და ჩვენი მხარდამჭერები მასში მიიღებენ მონაწილეობას. გაბუტულები არიან და უხერხულობა იგრძნობა, როცა შენს ირგვლივ ბევრი გაბუტული ადამიანია. მე არ ვარ გაბუტული, დიდი ხანია, არაფერი მწყინს ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგებისგან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისათვის, “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ოპოზიციამ საპროტესტო აქციები დაიწყო.