უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებების დროს, კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა. ამ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს. ირაკლი ქუთელია დონეცკის აეროპორტის მახლობლად საბრძოლო მანქანის ნაღმზე აფეთქდა. მასთან ერთად გარდაიცვალა კიდევ ერთი და დაშავდა 7 მებრძოლი.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეითთა საბრძოლო მანქანა, სადაც ქართველი მოხალისეც იმყოფებოდა, დასახლება ოპიტნოესთან აფეთქდა. მებრძოლები 93-ე ბრიგადაში მსახურობდნენ და ისინი დავალებაზე გადიოდნენ.
დაღუპული ირაკლი ქუთელია უკრაინის მოქალაქეა. მისი დაღუპვის ამბავს უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიხეილ უკლება ადასტურებს.
“როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, მანქანა ნაღმზე აფეთქდა და დაიღუპა ორი ადამიანი, მათ შორის ირაკლი ქუთელია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ის უკრაინის მოქალაქეა”, – აცხადებს უკლება.