“მთავარი არხის” ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც ნათქვამია, რომ 23 თებერვალს ნიკა მელიას დაკავება “ქართულმა ოცნებამ” ანტონ ობოლაშვილის სასახლეში აღნიშნა, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ეხმიანება.
შალვა ნათელაშვილი სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში ამბობს, რომ დეპუტატის სახლში გამართული წვეულება რა თქმა უნდა ნიკა მელიას დაპატიმრებას ეხება.
“წვეულება რა თქმა უნდა ეძღვნება ნიკა მელიას დაპატიმრებას და ეს მაგონებს ცნობილ ისტორიას როდესაც სისხლიანი ეჟოვი იმ ტყვიას რითაც სტალინის მტერი ბუხარინი დახვრიტეს არყის ჭიქაში აგდებდა და ისე სვავდა ბელადის გამარჯვებაზე სადღეგრძელოს. სხვათა შორის სტალინი განრისხდა ამ ამბის გაგონებაზე და აუკრძალა ჯალათს ეს უზნეობა მერე კი ისიც დახვრიტა. ამრიგად ქოცები კოლექტიური ეჟოვები არიან. სხვა დასკვნას ამ კადრების ნახვიდან ვერ გააკეთებ.” – წერს ნათელაშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ, ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში სიუჟეტი გავიდა, სადაც საუბარია “ქართული ოცნების” დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის სახლში გამართული წვეულების შესახებ. გასულ სიუჟეტში დეპუტატი თავად ამბობს, რომ წვეულება მის დაბადების დღეს უკავშირდება, თუმცა “მთავარი არხის” ინფორმაციით, მმართველი პაარტის წარმომადგენლები “ნაცმოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას ზეიმობდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ სიუჟეტის გასვლის შემდეგ მედიაში “ოცნების” დებპუტატის ოფიციალური ბიოგრაფიული მონაცემები მალევე გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაცია, მისივე პირადობის მოწმობაში რეგისტრირებულ დაბადების თარიღს არ ემთხვევა.