ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცნობილია, სულ რამდენ ადამიანს დაუდასტურდა საქართველოში კორონავირუსის ბრიტანული შტამი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,  ქვეყანაში “ბრიტანული შტამის” გავრცელების რისკი არსებობს, თუმცა მას ახალი, განსაკუთრებული გართულებები არ ახასიათებს.

როგორც ამირან გამყრელიძემ “პირველ არხთან” საუბრისას განაცხადა, ამ დროისთვის საქართველოში ე.წ. ბრიტანული შტამით 3 ადამიანია დაინფიცირებული.

„დადასტურებულია, რომ სამი კლასტერი არის ბრიტანული შტამით. აქედან ორი იმპორტირებული შემთხვევაა, ერთზე მიმდინარეობს კვლევა. ამ სამ კლასტერში სულ 31 ადამიანია. დიდი ალბათობით ყველა ეს 31 შემთხვევა არის მუტირებული შტამით გამოწვეული, მაგრამ კლინიკურად არც ერთი არ არის მძიმე.

რა თქმა უნდა, საქართველოში ახალი შტამის გავრცელების რისკი არსებობს, რადგან ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში საკმაოდ სერიოზულად გავრცელდა. ევროპული წყაროებიდან ირკვევა, რომ გერმანიაში დიაგნოსტირებული შემთხვევების დაახლოებით 40 პროცენტი ეს შტამია და არა ვთქვათ ეს კლასიკური, თავდაპირველი შტამი. ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ და შემთხვევები იქნება, მაგრამ საბედნიეროდ, გარდა იმისა, რომ ცოტა მეტია ახალგაზრდებში და ცოტა უფრო სწრაფად ვრცელდება, სხვა განსაკუთრებული არაფერი ხდება. კვლევებით დადგინდა, რომ ეს ვაქცინები, რომლებიც დღეს ბაზარზეა, ფარავენ ამ შტამსაც.

ეს მოსალოდნელიც იყო, რესპირაციულ ვირუსებს ახასიათებთ მუტაცია. ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი მუტაცია დადგინდა ლაბორატორიულად, რასაც მხოლოდ სამეცნიერო მნიშვნელობა ჰქონდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსნებთ, რომ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის პირველი შემთხვევა საქართველოში იანვრის დასაწყისში დაფიქსირდა. ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული პაციენტი იყო, რომლის მდგომარეობაც სტაბილურად შეფასდა.

იტვირთბა....